ფოტოგრაფმა კენიის მასაი-მარას ნაკრძალის პრერიებში ველური ბუნების დედაშვილური სითბოსა და სიყვარულის გამომხატველი ძალიან საყვარელი მომენტი დააფიქსირა — გეპარდის პატარა ცელქი ბოკვერი დედასკენ იწევა და ცდილობს, დრუნჩზე აკოცოს და მოეფეროს.

2020 წლის სექტემბერში 54 წლის ჯეფრი ვუ მასაი-მარაში მუშაობდა, როდესაც მან ეს გასაოცარი მომენტი კამერაზე დააფიქსირა.

ვუ ველური ბუნების პროფესიონალი ფოტოგრაფია კანადიდან და ის კენიაში ფოტოგრაფიულ ტურებს ატარებს.

ფოტო: SWNS

"ფოტოებზე ჩანს თვე-ნახევრის გეპარდის ბოკვერი, რომელიც დედას — კველის — ეთამაშება. კველიმ თავისი ბოკვერები ერთი კვირის წინ გამოიყვანა, რათა ისინი მყარ საკვებზე გადაეყვანა", — თქვა ვუმ მის მიერ გადაღებული ბინადრების შესახებ.

ფოტო: SWNS

"ეს მომენტი უბრალოდ უსაყვარლესი იყო. როცა კველისა და მასთან მოთამაშე საყვარელ ბოკვერს ვუღებდი ფოტოებს, ჩემი გული სიყვარულით აივსო. გეპარდი IUCN-ის წითელი სიის 'მოწყვლადობის' კატეგორიაშია. ადამიანთა აქტივობები ძალიან სწრაფად გაიზარდა და მთელი ველური ბუნების ჰაბიტატს შეუქმნა საფრთხე", — განაგრძო მან.

ვუსთვის ეს ფოტოსერია იმის შესაძლებლობაა, რომ გაიზარდოს იმ მშვენიერი არსებების ცნობადობა, რომელთა განადგურებისა და სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშეც ვართ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ შეგვიძლია, საკმარისად სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა მათი გაქრობის სიჩქარე დავძლიოთ და ჩვენს შვილთაშვილებს მათი ველურ ბუნებაში ან ზოოპარკში ნახვა ისევ შეეძლოთ", — თქვა ვუმ.