ამ ზაფხულს საქართველოს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია — ბრიტანეთში აღიარებული მუსიკოსი ქეთი მელუა სამშობლოში ახალი სიმღერისთვის კლიპის გადასაღებად ჩამოვიდა.

Your Longing Is Gone (შენ მიმართ ლტოლვა გაქრა) — ასე ჰქვია სიმღერას, რომელზე გადაღებული მუსიკალური ვიდეორგოლი ქართველმა მომღერალმა თავის 36-ე დაბადების დღეზე, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.

"კლიპის გადაღება ჩემთვის ჯადოსნური გამოცდილების ტოლფასი იყო. გამიმართლა, რომ შევძელი ბათუმში ჩამოფრენა და შემოქმედებით ადამიანებთან ურთიერთობა", — ამბობს მელუა.

Your Longing Is Gone-ში ქეთი მელუა, გრძნობების გაქრობის შემდეგ, ბედნიერებისა და სიმშვიდის ძიებაშია. ის მოგზაურობას მეგობართან ერთად ბათუმში იწყებს — იქ, სადაც ბავშვობაში არდადეგებს ატარებდა. კლიპში ვხედავთ ბოტანიკურ ბაღს, ბულვარს, სარფს, ციხისძირის სანაპირო ზოლს, სოფელ მერისს. გზაზე, სიმწვანეში და მზიან სანაპიროზე, უამრავ ლამაზ და სპონტანურ მომენტთან ერთად, მელუა სიყვარულს ემშვიდობება და საკუთარ თავს პოულობს.

"როგორც ქალ ხელოვანს, რომელიც ხშირად მღეროდა სიყვარულსა და ვნებაზე, მინდოდა ამჯერად ის გზა გამევლო, რომელიც რომანის გაქრობას სდევს და აღმომეჩინა, რა ხდება გრძნობების გაუფერულების დროს. სიმღერის შექმნისას, ვცადე იმ რეალობის გადმოცემა, რომელშიც იგრძნობა შეგუებაც და კარგი მოგონებების პატივისცემაც", — ამბობს მუსიკოსი.

ვიდეოს რეჟისორი მარიამ სიჭინავაა, რომლის ნამუშევრები ქეთი მელუამ თავდაპირველად ინსტაგრამზე აღმოაჩინა. მომღერლის სიტყვებით, აღტაცებული იყო, როდესაც ის მასთან მუშაობას დათანხმდა:

"მას შეუძლია ქალი კამერით ისე აღბეჭდოს, რომ ის ერთდროულად ძალიან ნამდვილი და განსაცვიფრებლად ლამაზი იყოს, ამისთვის კი ზედმეტი მანერულობა და გაზვიადება არ სჭირდება".

კოსტიუმები, რომლებიც კლიპის გმირებს აცვიათ, თაკო მექვაბიძეს ეკუთვნის. მელუა კიდევ ერთ სიურპრიზს გვიმხელს, როცა ამბობს, რომ დიზაინერი საბავშვო ბაღში მისი ჯგუფელი იყო.

"წლების შემდეგ მასთან ისევ დაკავშირება და ერთად მუშაობა განსაკუთრებული რამ იყო", — წერს მომღერალი.

View this post on Instagram

@katiemeluaofficial 🤍Full of love.

A post shared by Tako Mekvabidze Official (@tako.mekvabidze) on

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა, 1993 წელს ის ოჯახთან ერთად ირლანდიაში, ბელფასტში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 1999 წელს — ლონდონში. მისი მუსიკალური კარიერა 2000 წელს დაიწყო, როდესაც 15 წლის ასაკში კონკურსში Stars Up Their Nose მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

ქეთი მელუას რიგით მერვე სტუდიური ალბომი 16 ოქტომბერს გამოდის.