სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერი გახარია იტყუება, როცა ამტკიცებს რომ საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაა. ამასთან, აღნიშნავს რომ სამთავრობო უწყებები ურთიერთ გამომრიცხავ გათვლებს აქვეყნებენ და ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას სიცრუეში აცხოვრებენ.

"პრემიერი გახარია იტყუება, ჩვენ არ ვართ მწვანე ზონაში. საკუთარი დათვლებით, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ბოლო დროს გამოქვეყნებული გეგმით ჩვენ ვართ ყვითელი და წითელი საგანგაშო ზონების ზღვარზე, რომელიც გულისხმობს რომ 100 000 მოსახლეზე 30 და მეტ ახალ შემთხვევას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე არის წითელი ზონა. ბოლო 14 დღის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 29-ია ანუ ხვალ სამწუხაროდ ჩვენ უკვე ვიქნებით წითელ ზონაში. ამიტომ პრემიერის განცხადება არის ტყუილი, ეს არის უბრალო არითმეტიკა, რომელიც არის დათვლადი და ამას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ვერ ექნება და მეორე - სხვადასხვა სამთავრობო უწყება აბსოლუტურად აცდენილია ციფრებსა და შეფასებებში. ერთს ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო, მეორეს ამტკიცებს პრემიერი და მესამეს აქვეყნებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამ მათემატიკური ციფრის ინტერპრეტაცია სხვანაირად ვერ მოხდება, რადგან 29 არის 29 და ის ვერ იქნება თუნდაც 10 ან 15. ამას აძლევენ აბსოლუტურად სხვადასხვა შეფასებებს. აცდენილები არიან და არაკოორდინირებულად მოქმედებენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ცუდია, რადგან ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება სხვადასხვა უწყებებს შორის. სამწუხაროდ, ამ მარტივ დათვლაშიც კი, ყველა უწყება აცდენილია რეალობას და სხვადასხვა კომენტარს იძლევა", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.