მელბურნის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ბიონიკური თვალის შექმნაზე მუშაობს. მათი თქმით, აღნიშნული მოწყობილობის ტვინში იმპლანტანცია ბრმა ადამიანს მხედველობას დაუბრუნებს. ამჟამად ავსტრალიელ მეცნიერთა გუნდი კლინიკური კვლევების დასაწყებად ემზადება, რაც, მათი სიტყვებით, უნიკალური გამოწვევა გახლავთ — პირველად მსოფლიოში, ისინი შეეცდებიან, ბიონიკური თვალი ადამიანს გადაუნერგონ.

როგორც გამოცემა TechCrunch იუწყება, აღნიშნული მოწყობილობა თავისი ტექნიკური არსით გარკვეულწილად სმარტფონის ნაწილებისა და ტვინში იმპლანტირებული ელექტროდების ერთობლიობაა. აღნიშნულ პროექტს Gennaris bionic vision system ეწოდება და იგი უკვე ათ წელზე მეტია, რაც კვლევის ეტაპზეა. მისი ძირითადი კონცეფცია შემდეგში მდგომარეობს: ნერვული იმპულსი დაზიანებულ მხედველობის ნერვს აღარ გაივლის და იგი თვალის ბადურადან პირდაპირ ტვინში ლოკალიზებულ მხედველობის ცენტრს გადაეცემა.

მხედველობის ბიონიკური სისტემა ინდივიდუალურად მზადდება. მასში კამერა და უსადენო გადამცემი შედის. თავის ტვინში იმპლანტირებული ერთგვარი ფირფიტოვანი ნაწილი სიგნალს იღებს, რომელსაც შემდგომ პროცესორი ამუშავებს.

"ჩვენი დიზაინი ვიზუალურ შაბლონებს სინათლის 172-ზე მეტი ლაქის (ფოსფენების) კომბინაციით ქმნის. ეს ინდივიდს საშუალებას აძლევს, გადაადგილდეს დახურულ თუ ღია სივრცეში, ამოიცნოს მის ირგვლივ ადამიანები და ნივთები", — აღნიშნა არტურ ლოვერიმ, მონაშის უნივერსიტეტის ელექტრო-კომპიუტერული სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ საკუთარი სისტემის ადაპტაციას სხვა მიზნებისთვისაც შეძლებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი მიგნება კიდურების პარალიზის დროსაც ეფექტიანად იმუშავებს და მოძრაობის დაკარგულ უნარს აღადგენს.

წარმატების შემთხვევაში, MVG (Monash Vision Group) ახალ კომერციულ ენტრეპრაიზს შექმნის, რომელიც შეეცდება, მხედველობის არმქონე ადამიანებს მხედველობა დაუბრუნოს, ხოლო ტეტრაპლეგიის გამო ზემო კიდურებში დამბლის მქონე ადამიანებს — მოძრაობის უნარი

არტურ ლოვერი, მონაშის უნივერსიტეტის პროფესორი

ივლისში ჩატარებული პრე-კლინიკური კვლევები იმედისმომცემად გამოიყურება. მეცნიერებმა თავიანთი გამოგონების იმპლანტაცია ცხვრებში წარმატებით მოახერხეს. როგორც ისინი იუწყებიან, გვერდითი მოვლენები არ აღნიშნულა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება გამოგონების ადამიანებზე კლინიკურ კვლევაში გამოცდა.

"შესაბამისი დაფინანსებით, ჩვენ შევძლებთ, ტვინის ქერქში გადასანერგი იმპლანტები აქვე, ავსტრალიაში იმ რაოდენობით დავამზადოთ, რა რაოდენობაც კლინიკურ კვლევას სჭირდება", — აღნიშნავს მონაშის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი და MVG-ს გუნდის წევრი, პროფესორი მარჩელო როზა.

აღნიშნულ ტექნოლოგიურ სიახლეს წინ უსწრებდა ილონ მასკის კომპანიის, Neuralink, საჯარო პრეზენტაცია, სადაც მათ მონეტის ზომის პროტოტიპებით იმპლანტირებული ღორების შესახებ ისაუბრეს. მიზანი აქაც იგივე გახლდათ: მხედველობის აღდგენა და შეუქცევადი პარალიზის მკურნალობა.