ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. მისი განცხადებით, ეროვნულმა ბანკმაც გამოთქვა მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში "ჩაერიოს" და სიტუაცია მართოს.

"იცით, რომ [ეროვნულ ბანკს] დღემდე, დაახლოებით, 300 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული, იმისთვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა და წლის ბოლომდეც გამოთქვა მზაობა, ამიტომ, მაგ მხრივ, მე მგონი, ლარის სტაბილურობას არაფერი არ ემუქრება", — ამბობს მაჭავარიანი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ინფლაცია მცირდებოდა, ამიტომ წლის ბოლოსკენ "საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით". მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ არც 2021 წელს უნდა ველოდოთ იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას, რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს.