სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანახმების საერთო დოკუმენტს, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სუს-ში გასაკეთებელი ძირეული რეფორმები

"ამ მიმართულებებზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ესენია პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება; თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს; და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას; პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა", - შეთანხმების ძირეულ საკითხებზე საუბრობს ვაშაძე და აცხადებს, რომ რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, ასევე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

"დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნული რეფორმების საერთო დოკუმენტს. ვფიქრობ, ეს შეთანხმება ძალაინ მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ქვეყანაში მძვინვარებს კრიმინალი, პოლიცია არ არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვგეგმავთ, გავაკეთოთ საერთო რეფორმა, რომელიც გულისხმობს ამერიკული მოდელის პოლიციის შექმნას საქართველოში, ეს იქნება დამოუკიდებელი საპატრულო პოლიცია, პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელების, ამერიკული მოდელის საგამოძიებო ბიუროს ჩამოყალიბების სახით, შესაბამისი სახელფასო უზრუნველყოფის ზრდის პერსპეტივით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება პროკურატურას ის უნდა გამოეყოს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციას, ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გამოძიების გამჭვირვალობის კუთხით. ეს არის ის კომპოზიცია, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს პირველ რიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მეორეს მხრივ პოლიტიკის ჩარევისგან გაათავისუფლებს ერთხელ და სამუდამოდ სამართალდამცავ უწყებებს. როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი ვიღებ ვალდებულებას, რომ სხვა ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად შევასრულოთ ყველა ეს დაპირება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.