ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეგრელო–ზემო სვანეთის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანზორ ქობალიამ On.ge-ს განუცხადა, საბერიოში ამ დრომდე Covid-19 სულ 65 ადამიანს დაუდგინდა. ქობალიას თქმით, ექვსივე ინფიცირებული სამკურნალოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან გადმოყვანილები.

რაც შეეხება ზოგადად აფხაზეთში არსებულ ეპიდსიტუაციას, დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 15 სექტემბერის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 52 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 63 ადამიანი მკურნალობს. 3 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 17 პაციენტი საშუალო სირთულისაა.

მათივე განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 726 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 192 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 7.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: