ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე დაშინებასა და მუქარაზე საუბრობს.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ინსტრუმენტები არჩევნების მოსაგებად. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ევროპული საქართველოს მხარდამჭერები არ უშინდებიან ამგავრი ტიპის დაშინებებს და არიან მზად გარდამტეხი ცვლილებევბისთვის.

"როგორც ჩანს, ქართული ოცნება აპირებს რომ ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს, ანუ დაშინების და მოსყიდვის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჯერ რამდენიმე დღეა დაიწყო, ამის სიმპტომები უკვე არის. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტების დაშინების მცდელობები, მათ შორის ევროპული საქართველოს აქტივისტების შეშინების მცდელობები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივს. როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს. კვლევები, რომლებიც ქვეყნდება ბოლო დღეების განმავლობაში, ამას მეტყველებს, რომ მათი რეიტინგი მოდის ქვემოთ და იმის ფონზე, რომ ვერ გაართვეს თავი ვერც კორონასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეწირეს ეკონომიკა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო და ეხლა ხედავენ, რომ ხალხი გაბრაზებულია, ისინი ამგვარი ნაბიჯებით აპირებენ ფონს გასვლას. ესეთი ტიპის აგონია და გამოხტომები კი ვერ უშველის ივანიშვილს ამ არჩევნებზე", - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ მსგავსი დარღვევები იქნება მათ მიერ აღრიცხული და მიწოდებული საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, მათი აქტივისტები და მხარდამჭერები კი არ აპირებბენ გაჩერებას და დამორჩილებას.