რამდენიმე საათის წინ სერიალის The Mandalorian მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა უკვე შეგვიძლია ნერვიულობა დავიწყოთ: მანდალორელი და პატარა იოდა სახიფათო მოგზაურობაში არიან.

მანდალორელს, რომლის როლსაც მსახიობი პედრო პასკალი ასრულებს, დავალებული აქვს, რომ პატარა იოდა თავის მშობლიურ პლანეტაზე დააბრუნოს, სადაც არ უნდა იყოს ის.

"გინდა, რომ მთელ გალაქტიკაში ვეძებო და ეს არსება ბოროტ ჯადოქრებს დავუბრუნო?" — კითხულობს პედრო პასკალის პერსონაჟი.

"მხოლოდ ეს არის გამოსავალი", — გვესმის კითხვაზე პასუხი.

სერიალის მეორე სეზონის სცენარის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ახალი ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, წინ ნამდვილად დაძაბული და საინტერესო სანახაობა გველოდება. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ალბათობით, ისეთი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან, როგორებიც არიან ასოკა ტანო და ბობა ფეტი.

The Mandalorian-ის პრემიერა გასულ წელს დისნეის ახალ სტრიმინგ სერვისზე Disney+ შედგა და მან მალევე ურიცხვი მაყურებელი მიიზიდა (რაშიც წვლილი მეტწილად პატარა იოდას მიუძღვნის) და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.

ამ წარმატების შემდეგ დისნეი Star Wars-ის სამყაროს შესახებ კიდევ სხვა პროექტებზე იწყებს მუშაობას: ერთი 2016 წელს გამოსული ფილმის Rogue One: A Star Wars Story სპინოფი იქნება, მეორე კი ჯერჯერობით გასაიდუმლოებული სერიალია, რომელსაც Russian Doll-ის შემქმნელი, ლესლი ჰედლენდი გადაიღებს და მისი სიუჟეტი ძირითადად ქალი გმირების ირგვლივ განვითარდება.

ასევე რამდენიმე თვის წინ დადასტურდა, რომ უკვე მუშაობენ The Mandalorian-ის მესამე სეზონზე. მანამდე კი მეორე სეზონის ხილვა 30 ოქტომბრიდან შეგვეძლება.