არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. არაბულ სახელმწიფოებს შორის აქამდე ეს მხოლოდ ეგვიპტესა და იორდანიას ჰქონდათ გაკეთებული.

ისტორიულ დოკუმენტს ხელი თეთრ სახლში მოეწერა და მას აშშ-ს პრეზიდენტი დონალ ტრამპიც ესწრებოდა. ცერემონიის დროს ისრაელს პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ წარმოადგენდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს საგარეო საქმეთა მინისტრები.

"აქ ვართ იმისათვის, რომ ისტორიის მსვლელობა შევცვალოთ", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ათეულობით წლის განმავლობაში არაბული სახელმწიფოები ისრაელს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ მასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებდნენ, რაც პალესტინის საკითხი მოგვარდებოდა.

ხელშეკრულებას "მშვიდობის ახალი განთიადი" უწოდა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბაჰრეინისა და საამიროების მაგალითს სხვა არაბული სახელმწიფოებიც გადაიღებენ. თუმცა პალესტინელი ლიდერი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ მშვიდობა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელის გასვლას მოჰყვება. შეთანხმება გააკრიტიკეს პალესტინის მოკავშირეებმაც.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე და ბაჰრეინამდე ისრაელი ოფიციალურად მხოლოდ ორმა არაბულმა სახელმწიფომ — ეგვიპტემ და იორდანიამ აღიარეს, რომლებმაც ხელშეკრულებებს 1978 და 1994 წლებში მოაწერეს ხელი. მავრიტანიამ, რომელიც არაბული ქვეყნების ლიგის წევრია, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა 1999 წელს დაამყარა, თუმცა 2010 წელს გაწყვიტა.