სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი შემოდგომის ლეგენდა დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის სტუდენტს შეუძლია, თავად შეჯიბრება კი ორ ეტაპად წარიმართება: პირველ ეტაპზე მონაწილეებმა 4 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია, სადაც საკუთარ პროზაულ ნაწარმოებსაც წარადგენენ. ტექსტი უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი გვერდისა, თუმცა მონაწილეები ჟანრით და თემით არ არიან შეზღუდულები.

პირველი ეტაპიდან შერჩეული 10 ავტორი იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებს. გასულ წელს კონკურსმა ბინა წინანდალში, ჭავჭავაძეების მამულში დაიდო, შესაბამისად, ფინალისტები წლეულსაც შემოდგომის კახეთს ეწვევიან. რაც შეეხება იმპროვიზაციულ ტურს, აქ მონაწილეებს კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, შეზღუდულ დროში, პროზაული ნაწარმოების შექმნა მოუწევთ.

შემოდგომის ლეგენდის გამარჯვებულს ჯილდოდ 1 000 ლარი და კონკურსის სიმბოლო ხვდება, მეორე და მესამე ადგილოსნები კი 700 და 500 ლარებს მიიღებენ.

გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ცოტნე ავსაჯანიშვილი, გახდა, რომელიც, ტრადიციულად, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება წელს.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი შემოდგომის ლეგენდა წლეულს მეთორმეტედ გაიმართება. კონკურსის წარმდგენები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია სილქნეტი არიან. სხვადასხვა წლებში შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დღეს უკვე ცნობილმა სახელებმა, მათ შორის — ბექა ადამაშვილმა, რომელმაც 2019 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.