ნაციონალური მოძრაობის წევრისა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მისი დიდი სურვილი იყო, რომ რეგიონის ოლქებში საერთო კანდიდატები წარედგინათ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"რაც მოხდა, მოხდა და ამაზე საუბარს ახლა არ ვაპირებ. კარგი იქნებოდა და მე მოწადინებული ვიყავი, ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ეს მომხდარიყო ძალიან ბევრ ოლქში. დარწმუნებული ვარ, რომ გლდანის გარდა, პირველ ტურში რამდენიმე ოპოზიციონერი კანდიდატი გამარჯვებას მოიპოვეს", — განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. მის მსგავსად საერთო კანდიდატები ოპოზიციამ თბილისის 6 ოლქში წარადგინა. რაც შეეხება რეგიონებს აქ ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან კოალიციაში არსებულმა პარტიებმა დამოუკიდებლად ყოფნა არჩიეს.

27 ივლისს, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. კოალიციიდან წასვლის შემდეგ ვაშაძე ენმ-ს წევრებმა გააკრიტიკეს. მათ შორის, პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი წასვლა "ბნელ მხარეზე" გადასვლად შეაფასა. ამის შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის ოლქში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს საკუთარი კანდიდატი — ხატია დეკანოიძე დაუყენა.