გრეჰემ ნორტონის შოუ დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა. წამყვანი მსოფლიო ვარსკვლავებს იწვევს სტუმრად და მათთან ერთად არაჩვეულებრივ შოუს ქმნის.

ნორტონის შოუს საახალწლო გადაცემას შერლოკის ვარსკვლავ მარტინ ფრიმანთან, უილ სმიტთან და ჰელენ მირენთან ერთად ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი სტუმრობდნენ. სტუმრებმა The Little Swallow შეასრულეს და მსმენელები გააოგნეს.

სიმღერამ უილ სმიტის ოვაციები დაიმსახურა. ქეთი მელუამ წამყვანის კითხვებსაც უპასუხა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, გორის ქალთა გუნდის წევრები პირველად იყვნენ ლონდონში და ღირსშესანიშნაობებიდან ყველაზე მეტად მადამ ტიუსოს მუზეუმი მოეწონათ.

"ისინი რამდენიმე დღის წინ უნდა გაფრენილიყვნენ საქართველოში, თუმცა როდესაც თქვენგან მივიღეთ შემოთავაზება, რამდენიმე დღით დარჩენა ვთხოვე. ვუთხარი, რომ მადამ ტიუსოს მუზეუმისგან განსხვავებით, თქვენს გადაცემაში ნამდვილ ვარსკვლავებს ნახავდნენ"

მომღერალმა საქართველოზე და გორზეც ისაუბრა. ქეთიმ აღნიშნა, რომ მართალია, გორი სტალინის მშობლიური ქალაქია, მაგრამ მაინც სამწუხაროა, როცა მსოფლიოსთვის საქართველო სტალინთან ასოცირდება. უილ სმიტმა ამაზე უპასუხა,რომ პირადად მას ჯორჯიას ხსენებაზე სტალინი კი არა, აშშ-ს შტატი ახსენდება. ქეთიმ მსახიობს ჰკითხა, ნამდვილად იცის თუ არა, რომელ ჯორჯიაზეა საუბარი. სმიტმა კი აღნიშნა, რა თქმა უნდა, სმენია საქართველოს არსებობის შესახებ და ეს მხოლოდ ამერიკული ხუმრობა იყო.