Facebook და Google ნელ-ნელა "ნახშირბად-ნეიტრალური" ბიზნესები ხდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი კომპანია ატმოსფეროში ჭარბ ნახშირბადს აღარ გამოყოფს. ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია.

მიუხედავად ერთმანეთისმსგავსი განცხადებებისა, ორი კომპანიის ამბიციები განსხვავებულია. Google-მა ნახშირბად-ნეიტრალურობის სურვილი პირველად 2007 წელს გამოთქვა. 2030 წლისთვის კი Google-ში გეგმავენ, რომ კომპანიის ენერგომომარაგება მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებიდან მოდიოდეს.

2017 წელს Google-მა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიიდან იმდენი ენერგია იყიდა, რამდენიც არაეკოლოგიური წყაროებიდან მოიხმარა, თუმცა კომპანიამ ნახშირბადის ემისიები ბოლომდე ვერ აღმოფხვრა. Facebook სწორედ ამას გეგმავს, ოღონდ კომპანიაში ამბობენ, რომ 2030 წლისთვის ნახშირბადის ნულოვან ემისიებს მიმწოდებლებთან და თანამშრომელ კომპანიებთან ერთად მიაღწევენ.

გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის Microsoft პირველი იყო, რომელმაც 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების აღმოფხვრა დაისახა მიზნად. Apple-ში კი განაცხადეს, რომ ემისიების აღმოფხვრასთან ერთად, კომპანია იმის საპირწონე ხეებს დარგავდა, რამდენი ნახშირბადიც გამოიყოფა iPhone-ების ელექტროენერგიით დატენვისას.

ტექგიგანტებს შორის ეკოლოგიური ამბიციებით Amazon ყველაზე უკან არის. ნულოვანი ემისიების მიღწევას კომპანია 2040 წლისთვის გეგმავს. ამჟამად Amazon-მა 100 ათასი ელექტრომანქანა შეიძინა, რომლითაც პროდუქტს მომხმარებლებს მიაწვდიან, თუმცა ყველა მანქანის გზაზე გაშვება 2030 წლისთვის დამთავრდება.