სანამ ხალხი ქუჩის პერფორმანსს უყურებდა, ძაღლმა მასში მონაწილეობა მიიღო. თურქეთში თეატრალური წარმოდგენის დროს მსახიობი ნუმან ერთუგრულ უზუნსოი "დაჭრილი" ძირს იწვა. ცხადია, დაზიანება მხოლოდ მოჩვენებითი იყო.

"პერსონაჟი, რომელსაც ვასახიერებდი, დაჭრილი იყო და დიდ ტკივილს გრძნობდა. ის ცხენიდან ჩამოვარდა და მძიმედ სუნთქავდა", — თქვა უზუნსოიმ.

თუმცა აუდიტორიის ოთხფეხა წევრი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, ამიტომ სცენაზე შეიჭრა და გამოძიებას შეუდგა. უზუნსოი როლს იმდენად კარგად ასრულებდა, ცუგამ იფიქრა, რომ მას ძალიან უჭირდა. მან მსახიობის დახმარება გადაწყვიტა, მასთან ჩაიცუცქა, დრუნჩით მიეალერსა და თბილად შემოეხვია.

"სახეზე სითბო ვიგრძენი. თავიდან ვიფიქრე, რომ სხვა მსახიობი მომიახლოვდა", — თქვა მსახიობმა.

სიმართლის გაგების შემდეგ მან როლში დარჩენა ვეღარ მოახერხა და ბედნიერმა გაიღიმა.

"ძალიან გამიხარდა, როცა ძაღლის მოფერება ვიგრძენი. გული გამითბა. თითქოს ანგელოზი იყო, რომელსაც ჩემი დახმარება უნდოდა. ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, საერთოდ არ ველოდი", — დაამატა მან.

პერფორმანსის ასეთმა საყვარელმა შეჩერებამ ყველა ძალიან გააბედნიერა, მაყურებელიც და მსახიობებიც. წარმოდგენის მონაწილეებმა ძაღლი საბოლოოდ სცენიდან გაიყვანეს, სადაც ის ცოტა ხანს კიდევ დარჩა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ "დაჭრილი" კაცი კარგად იყო, ცუგა წავიდა.

უზუნსოის კი, თავის მხრივ, იმის იმედი აქვს, რომ ამ დღის შეხვედრა მათი ამბის მხოლოდ დასაწყისი იყო. მას სურს, მიუსაფარ ძაღლს ისევ შეხვდეს და სახლის პოვნაში დაეხმაროს — ამგვარად ის მას სიკეთეს სიკეთით გადაუხდის.

"მეორე დღეს იმავე ადგილას მივედი და [ძაღლს] ვეძებდი. ხალხმა მითხრა, რომ, როგორც წესი, აქ დახეტიალობს ხოლმე. იქ დღესაც მივედი. მანამ მოვძებნი, სანამ არ ვიპოვი. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა", — თქვა უზუნსოიმ.

ფოტო: İzmit Belediyesi