2018 წელს მაიკროსოფტმა წარმოადგინა ექსპერიმანტალური პროექტი, სახელწოდებით Project Natik. პროექტის ფარგლებში ინჟინრებმა 864 სერვერისგან შემდგარი დატაცენტრი, რომელშიც 27.6 პეტაბაიტის ზომის ინფორმაცია ინახებოდა, 35 მეტრის სიღრმეზე ჩაძირა. ორი წლის შემდეგ კომპანიამ პროექტის შედეგები გაასაჯაროა, რითაც წყალქვეშა დატაცენტრების სიცოცხლისუნარიანობა დასტურდება.

Project Natik უფრო მარტივად ასაწყობი და იმ გარემოსთან ადაპტირებადია, რომელშიც მუშაობს — განსხვავებით მიწისზედა დატაცენტრებისა, რომლებიც დიდ და სპეციალურად აღჭურვილ შენობებშია განლაგებული. ტრადიციული დატაცენტრები საჭიროებენ ტენიანობის, ტემპერატურისა და კოროზიის ინტენსიურ კონტროლს, ხოლო ღრმა და ცივ წყალში პირობების კონტროლი ბევრად მარტივდება. გარდა ამისა, მსგავსი დატაცენტრები მონაცემებზე წვდომას უფრო მეტი ქალაქისთვის და ლოკაციისთვის უზრუნველყოფენ, რაც ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მაიკროსოფტის ინფორმაციით, წყალქვეშა დატაცენტრის მუშაობაში ინციდენტების რაოდენობა ტრადიციულ დატაცენტრებთან შედარებით 8-ჯერ ნაკლები იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან 35 მეტრის სიღრმეზე განთავსებული ჰერმეტულად დაცული დატაცენტრის ტექნიკური მომსახურება მნიშვნელოვნად რთულდება.

გარდა ამისა, წყალქვეშა დატაცენტრი ამარტივებს მასში არსებული კომპიუტერების გაგრილების პროცესს და ბუნებრივი რესურსების ენერგიის წყაროდ გამოყენების საშუალება აქვს.

ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე მაიკროსოფტი ამ დატაცენტრების წყლიდან ამოტანისა და მათი უტილიზაციის გზებს შეისწავლის.