მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინების შექმნისთვის საჭირო დროს რეკორდულად ამცირებენ, მსოფლიო მოსახლეობისთვის სამყოფი ვაქცინა 2024 წლამდე მაინც ვერ დამარაგდება — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.

"პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ვაქცინის დამზადებას 4-5 წელი დასჭირდება", — აღნიშნავს Serum Institute of India-ს ხელმძღვანელი, ადარ პუუნავალა.

პუუნავალას აზრით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, საკმაოდ მაღალი ალბათობით, წითელას ან როტავირუსების მსგავსად, განმეორებითი აცრა დასჭირდება. ეს ვაქცინების რაოდენობას აორმაგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში 15 მილიარდი დოზის დამზადება იქნება საჭირო.

პოლიტიკოსები ვაქცინების თემას თავიანთ საარჩევნო დაპირებებში უკვე აქტიურად იყენებენ. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი აშშ გახლავთ, სადაც პოტენციური ვაქცინის მოლოდინი წლის ბოლოსთვის, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდზე არის გადმოწეული.

ივლისში ინფექციური დაავადებების ამერიკელმა ექსპერტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ იგი ამ წლის გვიან შემოდგომასა თუ ადრეულ ზამთარში COVID-19-ის ვაქცინის გამოჩენას "ფრთხილი ოპტიმიზმით" ეკიდება.

განსხვავებული მდგომარეობაა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. ადარ პუუნავალა მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ საწარმოს უდგას სათავეში. The Serum Institute of India ყოველწლიურად გრიპის 1,5 მლრდ დოზა ვაქცინას ამზადებს და მას 170-ზე მეტ ქვეყანას აწვდის.

ინდურ მწარმოებელს კონტრაქტი ბიოტექ კომპანიასთან, AstraZeneca, და ოქსფორდის უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული. ამ უკანასკნელის ჩანაფიქრია, რომ ყველაზე ღარიბი 68 ქვეყნისთვის ვაქცინა 3$-ის ფასის ფარგლებში შექმნას, რათა იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს. შესაძლოა, პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინა უნივერსალური გამოსავალი არ იყოს, მაგრამ იგი ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ორი ან მეტი ვაქცინა, რომელთა ეფექტიანობა მინიმუმ 75%-ს მიაღწევს, "საკმარისი იქნებოდა ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, თუმცა არასაკმარისი იქნება იმისათვის, რომ ვირუსი ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთ", — ხატოვნად შენიშნა აშშ-ის ვაქცინების კვლევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ ჰალემ.

ამჟამად, The Serum Institute of India მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. მათ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ მიაწვდიან მზა ვაქცინას დამკვეთებს. ასეთ დროს უსაფრთხოების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"არავის უნდა ისეთი სიტუაცია, როცა ქვეყნისთვის სამყოფი ვაქცინა გაქვს, მაგრამ მისი მზა პროდუქტის სახით მოხმარება არ შეგიძლია", — აღნიშნა პუუნვალამ