იაპონიას მსოფლიოში ყველაზე მოხუცებული მოსახლეობა ჰყავს — მისი ერთი მესამედი 65 წელს გადაცილებულია. შესაბამისად, ქვეყანაში მუშახელის პრობლემაც დგას და ბევრ კომპანიას თანამშრომლების პოვნა უჭირს.

კომპანიები გამოსავალს ტექნოლოგიურ გადაწყვეტაში ხედავენ. სწორედ ამის მაგალითია ადგილობრივი სურსათის მაღაზიების გიგანტების, FamilyMart-ისა და Lawson-ის ბოლოდრიუნდელი გადაწყვეტილება: ისინი მაღაზიებში რობოტების დასაქმებას იწყებენ.

ამ კვირას Lawson-მა ტოკიოს ერთ-ერთ ფილიალში რობოტი "დაასაქმა" (მსგავსი ნაბიჯი წინა თვეს FamilyMart-მაც გადადგა). 2022 წლისთვის კომპანია 20 ასეთი რობოტის გამოყენებას გეგმავს.

მაღაზიებში ორივე კომპანია რობოტს სახელად Model-T-ს იყენებს, რომელიც იაპონურმა სტარტაპმა, Telexistence-მა შექმნა. 2 მეტრის სიმაღლის რობოტი ბორბლებით გადაადგილდება და კამერებით, მიკროფონებით და სპეციალიზებული სენსორებით არის აღჭურვილი. ის დახლებზე სხვადასხვა პროდუქტს ალაგებს.

Model-T რობოტი დისტანციურად, ვირტუალური რეალობის კონტროლერით და ტაქტილური ხელთათმანებით იმართება. ადამიანი, რომელიც რობოტს აკონტროლებს, სპეციალური ხელთათმანებით რობოტის ნივთებთან შეხებას "გრძნობს". მიკროფონი და ყურსასმენები კი მომსახურე პერსონალს მომხმარებლებთან კომუნიკაციის საშუალებას რობოტის მეშვეობით აძლევს.

Telexistence თავის რობოტებს და VR აღჭურვილობას ზემოხსენებულ მაღაზიებს უფასოდ აძლევს. ამჟამად რობოტების ფასი უცნობია, თუმცა მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, რომ მალე ფასის მხრივ Model T ადამიანურ მუშახელს კონკურენციას გაუწევს.

თეორიულად რობოტის მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება. აგვისტოში რობოტის სატესტესტო მოდელი მაღაზიაში Telexistence-ის ოფისიდან, 8 კილომეტრის დაშორებით, დისტანციურად იმართებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რობოტის მართვა სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. ამიტომ, მის სამართავად იაფი მუშახელის ქირაობა საზღვარგარეთაც შეიძლება. იდეაში ერთ ადამიანს სხვადასხვა მაღაზიაში რამდენიმე რობოტის მართვა შეეძლება.

FamilyMart-ის წარმომადგენლის, სატორუ იოშიზავას თქმით, სასურსათო მაღაზიებს ისეთი პერსონალის პოვნა უჭირთ, რომელიც დღეში მხოლოდ 3-5 საათი იმუშავებს. თუ დახლებს რობოტები შეავსებენ, კომპანია ადამიანურ რესურსს მთლიანად სალაროებისკენ და სხვა ტიპის სამუშაოებისკენ მიმართავს.

იმის გამო, რომ იაპონიაში სამუშაო ძალის უკმარისობაა, რობოტების გამოყნება ადამიანებისთვის სამსახურების დაკარგვას ნაკლებად გამოიწვევს. COVID-19-ის პანდემიამდე, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, 2030 წლისთვის იაპონიაში სამუშაოების 27% ავტომატიზებული იქნება.

ფოტო: Telexistence

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამუშაო ადგილებზე რობოტები დაახლოებით 16 მილიონ ადამიანს ჩაანაცვლებენ. ამის მიუხედავად, სამუშაო ძალის ნაკლებობა მაინც პრობლემად დარჩება. ავტომატიზაციის მიუხედავად, შრომის ბაზარს 2030 წლისთვის 1,5 მილიონი ადამიანი დააკლდება.

სამუშაო ბაზარი, შესაძლოა, იმიგრაციის ზრდით შეივსოს. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ იაპონია სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს, შრომისუნარიანი იმიგრანტების რაოდენობის მხრივ, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

IMF-ის ეკონომისტი, ჯი ჰი ჰონგი ამბობს, რომ იაპონიაში იმიგრაციის მნიშვნელოვან ზრდას და სამუშაო ძალის შევსებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, რობოტების გამოყენება პრობლემას ამსუბუქებს, თუმცა დროთა განმავლობაში იაპონიას ავტომატიზაციასთან ასოცირებული კანონიერი და სოციალური პრობლემების გათვალისწინება მოუწევს.

ჰონგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჭიროა "ძლიერი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების ქსელი", რომელიც არასპეციალიზებულ მუშახელს ავტომატიზაციის უარყოფითი ეფექტებისგან დაიცავს.

პანდემიის გამო შრომის ავტომატიზაციისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან რობოტების ინტენსიური გამოყენება ადამიანურ კონტაქტს ამცირებს. თუმცა, Model-T რობოტი შრომისუნარიანობით ადამიანს ჯერ ძალიან ჩამორჩება. მას მხოლოდ შეფუთული პროდუქციის გადაადგილება შეუძლია (ანუ ის დახლებზე ვერ აწყობს ხილს და ბოსტნეულს).

ამასთანავე, რობოტს დახლზე ნივთის დასადებად დაახლოებით 8 წამი სჭირდება. იმავე დავალებას ადამიანი თავს ბევრად სწრაფად ართმევს.

Telexistence, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, ამ შეზღუდვების გამოსწორებაზე მუშაობს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Ai-ს დახმარებით, რობოტი ადამიანური მოძრაობების გამეორებას ავტომატურად შეძლებს და მომავალში მას პილოტი აღარ დასჭირდება.