რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნანავალნი, რომელიც მოწამლეს, პირობას დებს, რომ გამოჯანმრთელებისთანავე დაბრუნდება რუსეთში. ინფორმაციას ამის შესახებ New York times-ი აქვეყნებს.

როგორც გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა NY times-ს განუცხადა, განკურნების შემდეგ ნავალნი დიდხანს არ დარჩება ბერლინში და ის რუსეთში დაბრუნდება.

"მან კარგად იცის თავისი მდგომარეობა, მან კარგად იცის რა მოხდა და მან იცის სად არის", — დასძინა ოფიცერმა 44 წლის აქტივისტის შესახებ.

ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მიიყვანეს. ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ტვიტერზე წერდა, რომ ის და ნავალნი დღეს დილით ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა. პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.

ომსკის საავადმყოფოდან ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ის "ნოვიჩოკის" ტიპის საწამლავით მოწამლეს. სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა დაადასტურა. ნიმუშების შემოწმების პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იყო ჩართული.

ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 11-თვიანი შინაპატიმრობისთვის თითქმის 23 ათასი ლარი გადაუხადოს.