ეჭვგარეშეა, რომ ძირითადმა საბანკო ოპერაციებმა ფინანსურ სექტორში რევოლუცია მოახდინა, რამაც ბანკებს ფილიალების ქსელში ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლის საშუალება მისცა. ამისდა მიუხედავად, ნახევარსაუკუნოვანი ისტორია სრულდება და ფინანსური დაწესებულებები მოძველებულ საბანკო სისტემებს თანამედროვე და უფრო ეფექტიანი პლატფორმებით ანაცვლებენ. ამ ტრანსფორმაციის მთავარი მიზანი ხარჯების შემცირებაში, შიდა ეფექტიანობის გაზრდასა და მომხმარებლების მხრიდან ახალ პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნილების სწრაფი დაკმაყოფილების უნარის შეძენაში მდგომარეობს.

ბანკების და ფინანსური ორგანიზაციების ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში გასათვალისწინებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც შეგვიძლია, 7 ძირითად პრინციპად დავყოთ.

1. ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებების განსაზღვრა

წარმატების მისაღწევად, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია პირველ რიგში ბიზნესის საჭიროებებს უნდა აკმაყოფილებდეს. PwC-ის მონაცემებით, საბანკო ინოვაციების განვითარებას ახალი პროდუქტებისა და არხების მოთხოვნილება იწვევს. თუმცა თანამედროვე ბანკინგის არსი მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ ცალსახა საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ხარჯების შემცირების იდეას. იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა მიზნების მიღწევა გსურთ მოდერნიზაციის გზით, სრულად წარმართავს ტრანსფორმაციის პროცესს.

2. განსაზღვრეთ და გაითვალისწინეთ მასშტაბები

საჭიროებების მთელი სპექტრის განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვანია, გქონდეთ პროექტის მასშტაბის მკაფიო ხედვა. ზოგ ფინანსურ ორგანიზაციას მფლობელის ანგარიშის საინფორმაციო ფაილის განახლება სურს, ზოგს მხოლოდ საბუღალტრო წიგნაკის, ზოგს კი — ორივე ერთად.

ინოვაციის გამოყენების მასშტაბი წარმოადგენს პროექტის დიაპაზონს და სწორედ ამ მასშტაბით განისაზღვრება განახლების მთლიანი პროცესი — მათ შორის ისიც, ერთბაშად სჯობს ცვლილებების განხორციელება თუ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ეტაპობრივად. მსგავსი წინასწარშემუშავებული გეგმის მიყოლა დაგეხმარებათ, აკონტროლოთ ხარჯები და დარწმუნდეთ ჩადებული ინვესტიციის ამოღების შესაძლებლობაში.

3. აღნუსხეთ ფუნქციური მოთხოვნები

ფოტო: iStock

მანამ, სანამ ტექნოლოგიაში შეიტანთ ცვლილებას, მნიშვნელოვანია, გქონდეთ სრული ხედვა იმისა, თუ რა გავლენა ექნება ცენტრალურ ფუნქციებზე გატარებულ ცვლილებებს დანარჩენ ინტერფეისებზე, მასთან დაკავშირებულ სისტემებსა და ფუნქციებზე.

ვინაიდან ძირითად სისტემაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება მყისიერად აისახება კომპანიის მუშაობაზე, ამ ცვლილებებზე პასუხისმეგებლი გუნდი მჭიდრო კონტაქტში უნდა იყოს ორგანიზაციის ყველა სხვა დეპარტამენტთან, რათა გაითვალისწინოს მათი საჭიროებები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფუნქციური ცვლილების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღოთ, რა ზეგავლენას მოახდენს ინოვაცია ორგანიზაციაში არსებულ ყველა სისტემაზე, პროცესსა თუ მომუშავე პირზე.

4. შეარჩიეთ ტექნოლოგიური პარტნიორი

დამოუკიდებელ ბანკირთა საზოგადოების მიერ საფინანსო ორგანიზაციების ლიდერებისთვის შედგენილი კითხვარის შედეგებიდან ვიგებთ, რომ კვალიფიციური ტექნოლოგიური პარტნიორების პოვნა საბანკო სპეციალისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება. თუმცა, PwC-ს ცნობით, მესამე მხარის — ფინტექ კომპანიების, აკადემიური ინსტიტუტებისა და არასაბანკო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით, ინოვაციების უპირატესობით სარგებლობა დღეს ნებისმიერი ზომის ბანკს შეუძლია. მნიშვნელოვანია, ბანკმა ზუსტად განსაზღვროს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას საკუთარი რესურსებით და რაში დასჭირდება თანამშრომლობა გარე მოთამაშეებთან.

5. გამოიყენეთ დაღმავალი მიდგომა

ძალიან ხშირად სისტემური ბირთვის განახლებაში განხორციელებული ინვესტიციის დაბრუნება ვერ ხერხდება. McKinsey-ის მონაცემებით, ცვლილებების მასშტაბური ინიციატივების 70% საბოლოოდ საკუთარ მიზანს ვერ აღწევს. წარმატების ისტორიებს კი ერთი საერთო თვისება ახასიათებთ — ხელმძღვანელობა საფუძვლიანად ეცნობა პროექტს და ამ პროცესში მთელ ორგანიზაციას რთავს.

6. უზრუნველყავით მომწოდებლის ჩართულობა

მომწოდებელი ტრანსფორმაციის პროცესში თქვენი პარტნიორის როლს თამაშობს და მთელი ამ დროის განმავლობაში თანმიმდევრულ მხარდაჭერას გთავაზობთ. თუმცა, ამ დონის ჩართულობის უზრუნველყოფა გარკვეულწილად დამოკიდებულია თავად ბანკზე ან ფინანსურ ორგანიზაციაზე. ბანკი აუცილებლად უნდა ჩაერთოს მომხმარებელთა ჯგუფებთან კომუნიკაციაში, დაესწროს ღონისძიებებს და ცვლილების განხორციელების შემდეგაც კი ისარგებლოს შემოთავაზებული ტრენინგებით — თუნდაც მაშინ, როცა ამაში დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

7. იფიქრეთ პროეტის დასასრულზე

რაღაც მომენტში ყველა კარგი ურთიერთობა თავის სარგებლიანობას კარგავს. თუ თქვენ დაიცავთ ზემოაღნიშნულ პრინციპებს, მაშინ ამ ურთიერთობის სარგებლიანობამ წლები ან, შესაძლოა, ათწლეულებიც კი გასტანოს. თუმცა, თუ შეატყობთ, რომ ტექნოლოგიურ პარტნიორთან ურთიერთობის განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულებაა მიზანშეწონილი, კარგი იქნება, თუ ამის უპრობლემოდ გაკეთების საშუალება გექნებათ. ამისათვის, თანამშრომლობის გაფორმებისას კონტრაქტში შესაბამისი მუხლი შეიტანეთ.

კომპანიის ტექნოლოგიური ბირთვის განვითარება უმტკივნეულოდაც შესაძლებელია

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ახალი საბაზისო სისტემების დანერგვა აღარ წარმოადგენს მომაბეზრებელ რუტინულ სამუშაოს. ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, აირჩიონ ლოკალურ თუ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ნებისმიერი მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს დროის ეკონომიისთვის საჭირო ფუნქციურ შესაძლებლობებს, რაც კონკურენტუნარიან გარემოში მოღვაწე ფინანსური ორგანიზაციებისთის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია.