14 სექტემბრის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ პაციენტები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა საავადმყოფოში გადანაწილდნენ.

მათივე ინფორმაციით, 10 სექტემბრიდან, COVID-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან, დღემდე გალის რაიონში კორონავირუსის 56 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმრავლესობა ამავე სოფელში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესის თანამშრომელია.

რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 13 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 16 პირს დაუდასტურდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ცნობით, გუდაუთის კოვიდინფიცირებულთა საავადმყოფოში ამ დროისათვის 64 ადამიანი მკურნალობს, მათგან 61-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. მძიმე მდგომარეობაში 11 პაციენტი იმყოფება, საშუალო სიმძიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 პაციენტს აქვს.

მათივე ინფორმაციით, ჯამში კორონავირუსი 656 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 186 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 6.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: