გერმანიის მთავრობის განცხადებით, სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა დაადასტურა. ნიმუშების შემოწმების პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იყო ჩართული.

ორგანიზაცია მტკიცებულებების ანალიზისთვის გერმანიამ მიიწვია. ნავალნის ნიმუშები სწორედ ორგანიზაციამ აუღო, ხოლო გერმანიამ ექსპერტიზის ჩატარებისთვის საფრანგეთსა და შვედეთს მიმართა.

"ამ მიმოხილვის შედეგები, რომელიც საფრანგეთსა და შვედეთს სპეციალურმა ლაბორატორიებმა ჩაატარეს, ახლა ხელმისაწვდომია და გერმანიის მტკიცებულებებს ადასტურებს. ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა სამმა ლაბორატორიამ წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ ნავალნის მოწამვლა გამოწვეული იყო "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, განმარტონ მომხდარი", — ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნავალნის ახლობლები ითხოვდნენ, რომ იგი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვანათ. რუსი ექიმები კი აცხადებდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მისი გადაყვანა საშიში იქნებოდა. თუმცა 22 აგვისტოს პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს.

სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. რუსულმა მხარემ მოწამვლასთან ყველანაირი კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ომსკის კლინიკაში გაკეთებულ ანალიზში საწამლავის კვალი არ ჩანდა.

7 სექტემბერს კლინიკა შარიტემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი სამედიცინო კომიდან გამოიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამასთან, იგი გარშემომყოფების მიმართვაზე რეაგირებს.