NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 27 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლებაა, 22 პროცენტისთის ეს მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, ხოლო 20 პროცენტისთვის უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური.

ასევე, გამოკითხულთა 10 პროცენტის აზრით, საქართველოს განათლების სისტემაში პრობლემა არ არსებობს, 9 პროცენტი კი სასწავლო მასალებზე მაღალ ფასს ასახელებს. 7 პროცენტისთვის ეს არის სასწავლო მასალების/წიგნების დაბალი ხარისხი.

NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტია.

ორგანიზაციის განცხადებით, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის ინფორმაციით, ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მათივე თქმით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).