რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ ტელევიზიაში ახალი პროტოკოლია შემუშავებილი, რომლის მიხედვითაც წესები მაქსიმალურად გაამკაცრეს და გადაცემებში სტუმრების მისვლა 1 კვირით აკრძალეს.

"დღეს უკვე მიმდინარეობს თეონას [რუსთავი 2-ის ინფიცირებული თანამშრომელი] ვიწრო წრის კონტაქტების განმეორებითი ტესტირება, ასეთი არის დაახლოებით 60 ადამიანი. ჩვენ შევიმუშავეთ პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ამ კვირის განმავლობაში, ვიდრე არის ე.წ. საინკუბაციო პერიოდი, როდესაც შეიძლება მოხდეს ვირუსის გადატანა, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტიურად, აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა რუსთავი ორის თუნდაც ეზოში, ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა", — აცხადებს სალია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომელს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ის ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო თაკო ჩარკვიანია, რომელსაც კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა.