შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულია უზბეკეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ვ.შ, რომელმაც უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ აჭარაბეთის ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი.

"ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც ვ.შ.-მ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.