ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის №67-ე სკოლის დირექტორისა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ცენტრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წერს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთ უფროსკლასელს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რასაც მათი ინფორმაციით, თან ერთვის თანაკლასელთა მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ვერბალური ძალადობა. ცენტრის ცნობით, აღნიშნულს ხელს უწყობს სკოლის დირექტორის, დამრიგებლისა და სხვა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქეს, რომელიც ითხოვს მისი შვილისთვის განათლების სრულფასოვანი მიღებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას:

"ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის ზ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება".

ცენტრი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა:

"2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის, განცხადების საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გააფრთხილეს თანაკლასელი, რათა შემდგომში აღარ მიეყენებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო. 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე მოსწავლე რ.ი. არ ცხადდებოდა სკოლაში, ვინაიდან მისთვის გაუსაძლისი იყო დაცინვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტად ყოფნა".

ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, შშმ ბავშვების მიმართ სახელმწიფომ ყველა ზომებს უნდა მიმართოს, რათა შშმ ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 ნაწილით, მოსწავლეს უფლება აქვს, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლით, სკოლა ვალდებულია, ძალადობის, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, აღნიშნული მოსწავლის უფლებათა დასაცავად არ ხორციელდება არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობის დათქმა. შშმ მოსწავლე რ.ი. დღესაც უარს ამბობს სკოლაში სწავლაზე, რისი მიზეზიც მის მიმართ განხორციელებული გაუსაძლისი დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფაა.