მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები კი აქტიურად წევენ საოკუპაციო ხაზს საქართველოში ამის შესახებ, განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ავრცელებენ.

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებსა და დესტრუქციულ ნაბიჯებს. აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ინტენსიურ მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რათა სათანადო შეფასება მიეცეს და ქმედითი ზომები იქნას მიღებული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გახშირებული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად", — წერია განცხადებაში.

როგორც საელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი კვირის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თანათავმჯდომარეებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

"მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან ერთად, აუცილებლად იქნება დაყენებული ბოლო დროს განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა.