შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს პროკურატრამ ბრალი წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, მისმა მამამ, მოწმეებზე, გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეზე, ასევე მირიან ნიკოლაძეზე განახორციელა მუქარა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც თავისი, ისე ე.წ. „თეთრი ისარი“ ფეისბუქ პროფილის საშუალებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს სისტემატიურად უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის შემცველ მუქარის და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. იგი საჯაროდ, ხშირად ხაზს უსვამდა წარსულში ძალოვან უწყებებში საქმიანობის შედეგად მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას და მის აქტიურ კავშირს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებთან, რომლებიც მისი თქმით, ახორციელებდნენ მათთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციას.

აღნიშნული ქმედების შედეგად, მუქარის ადრესატებს – მირიან ნიკოლაძეს, გურამ ამირხანაშვილს და იაკობ ბრეგვაძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროცესის მონაწილეების მიმართ მუქარის განხორციელების, მათი დისკრედიტაციისა და მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ხომასურიძე, ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.