ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე ამ კვირაში უკვე მეორედ წარადგინეს. ამჯერად იგი სერბეთსა და კოსოვოს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვისაა ნომინირებული.

შვედეთის პარლამენტის წევრმა, მაგნუს იაკობსონმა განაცხადა, რომ ნობელის პრემიაზე ტრამპის ადმინისტრაციასა და ორ ევროპულ ქვეყანას წარადგენს, ამის მიზეზი კი მათი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების მისაღებად გაწეული "ერთობლივი მუშაობაა".

"ვაჭრობა და კომუნიკაციები მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკებია მშვიდობისთვის", — წერს იაკობსონი და თავის წერილს ნობელის კომიტეტს უზიარებს.

ტრამპმა გასულ პარასკევს სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს უმასპინძლა, რომლებმაც ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება შეფასდა, როგორც "მნიშვნელოვანი გარღვევა".

ხელმოწერის შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრია განსხვავება სერბეთსა და მის ყოფილ პროვინციას შორის, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა პარასკევს მიღწეული შეთანხმება უდიდესი ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

ამავე კვირაში ნორვეგიელმა დეპუტატმა ტრამპი 2021 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. როგორც ის ამბობს, ტრამპი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შეთანხმების გაფორმებაში დაეხმარა.