ფორსაჟის ცნობილი ფრენჩაიზის ბოლო ფილმის, Fast and Furious 9-ის, სცენების თბილისში გადაღების შემდეგ Universal Studios საქართველოში ფილმის წარმოებით კვლავ დაინტერესებულია. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანას მალე გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები — გადამღები ჯგუფის ის წევრები, რომლებიც ფილმისთვის გადასაღებ ადგილებს ეძებენ — ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი ესტუმრებიან. მათ ისეთ ცნობილ და წარმატებულ ფილმებზე უმუშავიათ, როგორებიცაა: თვითმკვლელთა რაზმი, კაპიტანი მარველი, შავი პანტერა, რკინის კაცი, ტრანსფორმერები, ბნელი რაინდის აღზევება, Inception, მეფე ლომი, ერთხელ ჰოლივუდში, კარიბის ზღვის მეკობრეები, მისტერ და მისის სმიტი, მისია შეუსრულებელია, X-Men და სხვები.

ფორსაჟის გადაღებების დროს, 2019 წლის აგვისტოში, სააგენტოს აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზეც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ამჯერად ლოკაციის მენეჯერები საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას გაეცნობიან და ქვეყნის მასშტაბით გადასაღებად საინტერესო ადგილებს მოინახულებენ.

Universal Studios-ის წარმომადგენლები საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ტურის ფარგლებში ჩამოდიან, რომელიც 14-18 სექტემბერს გაიმართება. ვიზიტის მიწურულს ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასი გაიმართება, სადაც ამერიკელი სტუმრები დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. აღნიშნული ტურის მეორე ეტაპი 2021 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, გადაიღე საქართველოში პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი უკვე დასრულებულია. ხელშეკრულების მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 94 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით კი ქვეყანაში 15 795 დროებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ეს ვიზიტი სააგენტოს აწარმოე საქართველოში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

მანამ კი, სანამ ახალ პროექტებზე გახდება ცნობილი, ალბათ, ყველას ერთი სული გვაქვს, ფორსაჟში თბილისი ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმის პრემიერა ერთი წლით გადაიდო და ის კინოთეატრებში 2021 წლის 2 აპრილს გამოვა.

ამავე თემაზე: