იუპიტერის თანამგზავრები ცხელები არიან — იმაზე მეტად ცხელები, ვიდრე უნდა იყვნენ, რადგან ისინი მზისგან საკმაოდ შორს იმყოფებიან.

საქმე ისაა, რომ მოქცევითი გათბობის პროცესის დროს თავად იუპიტერისა და მისი თანამგზავრების გრავიტაცია ამ თანამგზავრებს ჭიმავს და დამყოლს ხდის. შედეგად, ზოგიერთი ყინულოვანი თანამგზავრი იმდენად თბება, რომ თხევადი წყლის არსებობის შანსი ჩნდება; კლდოვანი თანამგზავრების შემთხვევაში კი ქვები იმდენად თბება, რომ დნება და მაგმად გადაიქცევა.

მკვლევრებს აქამდე სჯეროდათ, რომ გაზის გიგანტი იუპიტერი თანამგზავრებზე არსებული თხევად გარემოსთან დაკავშირებულ მოქცევით გათბობაზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, გათბობა თანამგზავრებს შორის არსებული ურთიერთობის წყალობით ხდება.

"ეს ძალიან გამაოგნებელია, რადგან თანამგზავრები იუპიტერთან შედარებით ძალიან პატარები არიან. არ ველოდით, რომ მათ ასეთი რამ შეეძლოთ", — განაცხადა კვლევის ავტორმა ჰემიშ ჰეიმ.

იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენენ თანამგზავრები ერთმანეთზე, მნიშვნელოვანია, რადგან ამან, შესაძლოა, მთლიანად თანამგზავრთა სისტემის ევოლუციას მოჰფინოს ნათელი. იუპიტერს დაახლოებით 80 თანამგზავრი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე დიდები იო, ევროპა, განიმედე და კალისტოა.

"ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საბუთი გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპა, განიმედე, კალისტო და სხვა თანამგზავრები ოკეანურ სამყაროებს წარმოადგენენ. იო, იუპიტერთან ყველაზე ახლოს მდებარე თანამგზავრი, ვულკანურ აქტივობას აჩვენებს, რაც მოქცევითი გათბობის კიდევ ერთი შედეგია, თუმცა ეს ისეთი მაღალი ინტენსივობით ხდება, როგორიც მზის სისტემის შიდა პლანეტებისთვის — მაგალითად, ადრეული პერიოდის დედამიწისთვის იყო დამახასიათებელი. ჩვენ გვინდა, ამ სითბოს წყაროს მივაგნოთ, რათა როგორც მისი ევოლუციაზე, ასევე სხვა სისტემების სიცოცხლისუნარიანობაზე გავლენა დავადგინოთ", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ანტონი ტრინმა.

იუპიტერი და მისი თანამგზავრები.

ფოტო: Public Domain

მოქცევითი გათბობის გამაძლიერებელ ფენომენს მოქცევითი რეზონანსი ეწოდება.

"რეზონანსი დამატებით დიდი რაოდენობით სითბოს წარმოქმნის. თუკი ნებისმიერ ობიექტს ან სისტემას უბიძგებთ, იგი საკუთარ ბუნებრივ სიხშირეზე რხევას განაგრძობს. თუკი სისტემის სწორ სიხშრეზე ბიძგებას განაგრძობთ, ეს რხევები უფრო და უფრო გაიზრდება. მაგრამ თუ მას არასწორ დროს უბიძგებთ, რხევა შენელდება", — განაცხადა ჰეიმ.

თითოეული თანამგზავრის სიხშირე მისი ოკეანის სიღრმეზეა დამოკიდებული. ამ ტიპის მოქცევითი რეზონანსის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა — მხოლოდ იუპიტერის მოქცევების კუთხით, რომელსაც რეზონანსის ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შექმნას, თუკი ოკეანე ძალიან თხელია. კვლევის მოდელის მიხედვით, მხოლოდ იუპიტერის გავლენით ეს მოქცევები, თანაც შესაფერისი სიხშირით, ვერ შეიქმნებოდა, რადგან მიიჩნევა, რომ თანამზგავრების ოკეანეები ამისათვის ზედმეტად სქელია. ეს შესაძლებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც მკვლევრებმა მოდელს სხვა თანამგზავრების გრავიტაციული გავლენა დაამატეს.

როდესაც იუპიტერის თანამგზავრების სისტემაში სხვა ობიექტების მიერ გენერირებული მოქცევები თითოეული თანამგზავრის რეზონანსულ სიხშირეს ემთხვევა, მასზე ტემპერატურა იმატებს. იმისთვის, რომ თანამგზავრებმა მოქცევითი რეზონანსი გამოსცადონ, საჭიროა, რომ მათი ოკეანეები ათი ათასობით კილომეტრის სისქის იყოს.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.