განახლება: თავდაპირველად, სტატიის სათაური იყო — დიდ ქალაქებში სწავლა პირველი ოქტომბრამდე გადაიდო. სათაური შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა დააზუსტა, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, მაგრამ პირველ ოქტომბრამდე იქნება დისტანციურად.

დიდ ქალაქებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, მაგრამ დისტანციურად.

"დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ფოთი ნებისმიერი სასწავლო პროცესი, უმაღლსესი სასწავლებელიც და სკოლებიც დაიწყება პირველი ოქტომბრიდან", — განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას არ დაუდასტურებია, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე არ დაიწყება, თუ სააუდიტორიო მეცადინეობები არ დაიწყება.

ბათუმში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები აქამდეც იყო, აქ სწავლა 15 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში განახლდება და სააუდიტორიო/საკლასო მეცადინეობები პირველ ოქტომბრამდე არ დაიწყება.

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-თ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 29 ბათუმიდანაა, 24 არის ქუთაისის სკოლის შემთხვევები, 12 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი შემთხვევა, აქედან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 3 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 917 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა — 1 354, გარდაიცვალა — 19. კარანტინის რეჟიმში — 5 882 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: