შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზ.ხ-ს მამამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მეგობარს დაავალა, რეგისტრაციის გარშე ორი მობილური ტელეფონისა და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის მეგობარი გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის — გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მივიდა, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა.

"აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას.

"კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას — მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათი ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691 მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. ეს მუქარას, მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენებას გულისხმობს.