კანადაში ცნობისმოყვარე თაგვმა კანაფის ფოთლები შეჭამა, შემდეგ კი "დაბოლილი" ზურგზე მიესვენა და გაითიშა.

კოლინ სალივანმა — რომელიც კანადის პროვინცია ნიუ-ბრუნსვიკიდანაა, სადაც კანაფი ლეგალურია — თქვა, რომ პატარა მღრღნელი მან წინა კვირაში შეამჩნია, როცა ის ზედიზედ ორი დღე მისი მცენარის ფოთლებს ღრღნიდა.

ფოტო: Colin Sullivan

ფოტოებზე ჩანს, რომ კანაფის ფოთლების შეჭმის შემდეგ მღრღნელი ფოთლების გროვის შუაგულში წევს და კომატოზურ მდგომარეობაშია.

კოლინმა გადაწყვიტა, ცხოველი გალიაში ჩაესვა, სადაც მას "12-საფეხურიანი პროგრამა" (ნივთიერებაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების პროგრამა) დაუწყო, რათა თაგუნა საკმარისად დიდხანს მოშორებოდა მცენარეს და მოღონიერებულიყო.

ექვსი დღის შემდეგ კოლინმა თაგვი ველურ ბუნებაში დააბრუნა.

კოლინმა ამ აღმოჩენის შესახებ Facebook-ზე წინა სამშაბათს, 1-ლ სექტემბერს, დაწერა:

"უკვე ზედიზედ ორი დღეა, რაც ეს პატარა მწეველი გამოვიჭირე — ის ჩემი მცენარიდან ფოთლებს იღებს და მანამ ჭამს, სანამ არ გაითიშება. ცალი ყური არ აქვს, ამიტომ ეს შეიძლება PTSD-ისგან თვითმკურნალობის გზა იყო, თუმცა მგონია, რომ დროა, ჩავერიო".

ფოტო: Collin Sullivan

"ამ ერთხელ გამოიძინოს, მაგრამ როგორც კი გაიღვიძებს, სერიოზულად დაველაპარაკები", — ხუმრობით დაამატა კოლინმა.

ორი დღეს შემდეგ კოლინმა ამ ამბავზე ისევ დაწერა და პოსტს გალიაში მყოფი თაგვის სურათიც დაურთო:

"ჩვენს კანაფის მოყვარულ მეგობარს რამდენიმე რთული დღე ჰქონდა, მაგრამ მუცლისტკივილისა და ჭამის დიდი სურვილის მიუხედავად, ის ბოლომდე გამოჯანმრთელდება. ის დღეში ერთ ფოთოლს მივაჩვიე და სიტუაციას კარგად ეგუება. ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემო მეგობარო, ნაბიჯ-ნაბიჯ".

ფოტო: Collin Sullivan

სამი დღის შემდეგ კოლინმა განაცხადა, რომ თაგვი გათავისუფლებისთვის უკვე მზად იყო:

"დამოკიდებულებასთან ხანგრძლივი და სასოწარკვეთილი ბრძოლის შემდეგ ამ პატარა თაგუნამ გაიმარჯვა, თესლებსა და ღეროებს გუდა-ნაბადში მოუყარა თავი და მზადაა, წავიდეს. მართალია, გალიის კარი მე გავაღე, მაგრამ თაგვმა თვითონ გაითავისუფლა საკუთარი თავი. ნახვამდის, მეგობარო, მომავალ შეხვედრამდე".

ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer

კანაფის რეკრეაციული მიზნებისთვის მოხმარება ნიუ-ბრუნსვიკში ლეგალური 2018 წლის 17 ოქტომბერს გახდა, როცა ქვეყანაში კანაფის აქტი შევიდა ძალაში. რეკრეაციული მიზნით კანაბისის გამოყენების, ყიდვის, გაზრდისა და ფლობის მინიმალური ასაკი 19 წელია, მაგრამ მისი მოხმარება საზოგადოებრივ ადგილასა და მექანიზებულ სატრანსპორტო საშუალებაში არ შეიძლება.