მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელების განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს აქამდე პრემიებს უნაწულებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ამ თანხას აღარ აძლევენ, ის მათ ჩანაცვლებას აპირებს.

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გენადი კვიკვინია ამბობს, რომ პრემიის ნაწილი, რომელიც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სახელმწიფოსგან ერიცხებოდათ, ჯაჭვლიანთან "მეგობრულად" მიჰქონდათ. მისივე განცხადებით, თავიდან, როცა ჯაჭვლიანი ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ამიტომ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილი საკუთარი კეთილი ნებით ჯაჭვლიანისთვის გაეყოთ. ბოლო დროს კი, კვიკვინიას თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ფედერაციისთვის არაფერი გაუკეთებია და კორონავირუსის პერიოდშიც არ დაინტერესებულა, რა მდგომარეობა აქვთ სპორტსმენებს.

"სოსო ჯაჭვლიანმა დაგვიბარა გამგეობის სხდომაზე, რომელიც ხვალ შედგება. ამ სხდომაზე, დიდი ალბათობით, საუბარი იქნება ჩვენი, მწვრთნელების ჩანაცვლებაზე. პრობლემა ის გვაქვს, რომ იყო პერიოდი, როცა მეგობრულად, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, გვერდში დავუდექით და ჩვენი პრემიობის პერიოდში რაღაც თანხა მივუტანეთ. მისგან, როგორც ფედერაციის პრეზიდენტისგან, არც შეკრება, არც ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა, არ ყოფილა", — აღნიშნა გენადი კვივკვინიამ.

მწვრთნელების განცხადებით, ჯაჭვლიანმა მათ წერილი გაუგზავნა, სადაც გამგეობის სხდომის შესახებ ატყობინებდა და იქვე აღნიშნული იყო მწვრთნელების ჩანაცვლების საკითხი. მათი ვარაუდით, ჯაჭვლიანი ახალ მწვრთნელებად ისეთ ადამიანებს მოიაზრებს, რომლებიც თავად უმოქმედობის გამო გაუშვეს. ამ ეჭვის საფუძველს კი ის აძლევთ, რომ ბოლო დროს ჯაჭვლიანმა ლიცენზიები გასცა, მაშინ, როცა მოქმედი მწვრთნელები მათივე თქმით, ამ ლიცენზიას უკვე სამი წელია, ითხოვენ.

"ჩვენ, მწვრთნელები წარმატებული ხალხი ვართ და ჩასანაცვლებელი ხალხი არ ვართ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სოსო ჯაჭვლიანს ეწყინა, ბოლო პრემიობაზე თანხა არ მივეცით. ჩვენი განთავისუფლების საკითხი დადგება ხვალინდელ სხდომაზე. ჯაჭვლიანს კარგად ვიცნობთ და იმ წერილში ნათლად ჩანს, რომ ჩანაცვლებაზეა საუბარი. თან ისეთ ხალხს მისცა ლიცენზიები, ვინც მკლავჭიდთან საერთოდ ახლოს არ არიან. ანუ ისეთი ხალხით ჩაგვანაცვლებს, ვისთანაც "ატკატზე" საუბარიც არ იქნება და წინასწარ იქნებიან შეჯერებული", — განაცხადა კვიკვინიამ.

საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრების მწვრთნელის, ვასილ დაუთაშვილის განცხადებით კი, გამგეობაში არის ხალხი, რომელსაც საერთოდ არ იცნობს და რომლებსაც სპორტსმენებისა და მწვრთნელების მუშაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

"ჰყავს გამგეობაში ხალხი, რომელსაც არ ვიცნობ და საერთოდ სპორტსმენებისა და ჩემი მუშაობის აზრზე არ არიან. ხვალ კი ხელი უნდა ასწიონ ჩემ გაშვებაზე. დამსახურებულ სპორტსმენებს რაც შეეხებათ, არავინ არ ჰყავთ გამგეობაში ისეთი, ვისაც სპორტზე გული შესტკივა", — აღნიშნა ვასილ დაუთაშვილმა.

On.ge სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებას ეცადა, მაგრამ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჯაჭვლიანი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია. ის საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა, როგორც ქართული ოცნების მაჟორიტარი.