წელს, ცოტა ადრე, უნივერსიტეტის სტუდენტს რომ გაგჩენოდათ სურვილი, ნეტავ სტუდენტებისთვის ცალკე არსებობდეს სოციალური ქსელი, რომელსაც Facebook ერქმევაო, დაახლოებით ათწლეულითა და ნახევრით დააგვიანებდით.

თუმცა დღეს თქვენი სურვილი უკვე შეიძლება ასრულდეს. Facebook-მა ახლახან დააანონსა საიტის ახალი სექცია Facebook Campus, რომელიც კონკრეტულად სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

განცხადების თანახმად, Facebook Campus გამოიყენებს ახალ პროფილებს და ცალკე გამოყოფს მათ იმ პროფილისგან, რომელიც მომხმარებელს მთავარ პლატფორმაზე უკვე აქვს. Campus-ის პროფილის შესაქმნელად მხოლოდ ისაა საჭირო, რომ სტუდენტმა თავისი უნივერსიტეტის ელ. ფოსტის მისამართი და გამოშვების წელი მიუთითოს. Facebook Campus ხელმისაწვდომი იქნება მთავარ პლატფორმაზე, ჩანართის სახით, Facebook Watch-ის მსგავსად.

Facebook Campus-ზე იქნება მხოლოდ უნივერსიტეტთან დაკავშირებული სიახლეების ველი (ე.წ. ნიუსფიდი), რომელიც ინდივიდუალურია თითოეული უნივერსიტეტისთვის. სტუდენტებს შეეძლებათ მხოლოდ Campus-ის ფარგლებში შექმნან ღონისძიებები (ე.წ. ივენთები) და ჯგუფები, რომლებთანაც წვდომა მხოლოდ მათი უნივერსიტეტის ხალხს ექნება. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ჩატის ოთახის ფუნქცია რეალური დროის რეჟიმში — Campus Chats.

ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს, არის Campus directory — კამპუსის ცნობარი. ცნობარი სტუდენტებს იმის საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი ჯგუფელები და კურსელები იპოვონ მათი ფაკულტეტის, გამოშვების წლის, არჩეული საგნებისა და ბევრი სხვა კატეგორიის მიხედვით.

როგორც ყველამ კარგად ვიცით, როდესაც Facebook 2004 წელს პირველად გაეშვა, ის მხოლოდ საუნივერსიტეტო ვებსაიტი იყო და TheFacebook ეწოდებოდა. შემდეგ სოციალური ქსელი ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვინც 13 წლის ან მეტის იყო. ვისაც TheFacebook გახსოვთ, პლატფორმებს შორის მსგავსებები საკმაოდ ბევრია.

კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ხალხი ინტერნეტში ხუმრობებით გამოეხმაურა:

"Facebook იმდენად დიდი გახდა, რომ საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონა"

"მგონია, რომ Facebook Campus ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გაეხადათ, განურჩევლად იმისა, ისწავლეს თუ არა უნივერსიტეტში"

ამ დროისთვის Facebook Campus აშშ-ის 30 უნივერსიტეტისთვის იქნება ხელმისაწვდომი — მათი სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ — თუმცა კომპანია დროთა განმავლობაში გაფართოებას გეგმავს.