Microsoft-ის განცხადებით, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე კვლავ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჰაკერები საარჩევნეო კამპანიაში ჩართულ ადამიანებს უთვალთვალებენ. მათივე თქმით, რუსი ჰაკერების ჯგუფი, რომელმაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის კამპანია დაჰაკა, კიბერთავდასხმებში კვლავ მონაწილეობს.

Microsoft აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ აღნიშნულმა ჯგუფებმა აქტივობა არჩევნების გამო დაიწყეს. დარტყმის ქვეშ კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის კამპანიები ხვდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ რუსმა ჰაკერებმა Strontium-ის გუნდიდან 200-ზე მეტ ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში, რომელთაგან დიდი ნაწილი დაკავშირებულია როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან.

"რასაც 2016 წელს ვაკვირდებოდით, Strontium იწყებს მოქმედებებს ხალხის ექაუნთებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მათი ანგარიშების კომპრომიტირებისთვის, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის შეგროვების ან ოპერაციების ჩაშლის მიზნით", — განაცხადა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტომ ბარტმა.

გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩინელმა ჰაკერებმა იერიში მიიტანეს იმ პირებზე, რომლებიც ბაიდენის კამპანიაში არიან ჩართულნი მაშინ, როცა ირანელი ჰაკერები აგრძელებდნენ ტრამპთან დაკავშირებულ პირებზე თავდასხმას.

მათივე თქმით, კიბერთავდასხმების დიდი ნაწილი წარუმატებლად დასრულდა.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ს სადაზვერვო უწყებები აცხადებდნენ, რომ რუსი ჰაკერები ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ჩაშლას ცდილობდნენ.

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების თანახმად, ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სისტემასა და კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის, ჯონ პოდესტანს ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს და ათასობით იმეილი მოიპარეს.