საქართველოს რაგბის ნაკრები რვა ერის ტურნირში ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ რაგბის კავშირის ავრცელებს.

"დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს შემოდგომის ერთა თასი 2020-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. [...]

დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება", — წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩასვლაზე.

"გაჩენილ ვაკანსიაზე 6 ერის მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც 6 ერს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ", — აცხადებენ რაგბის კავშირში.

როგორც ისინი აცხადებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მათ შანსს მისცემს, რომ 6 ერს მიუახლოვდნენ და შეუერთდნენ პრესტიჟულ ტურნირს.

ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველო ჯგუფში შოტლანდიასთან, იტალიასთან და საფრანგეთთან ერთად იქნება. მეორე ჯგუფში კი შესაბამისად ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.