დიდი ბრიტანეთის ჩინეთის საელჩო ტვიტერისგან "საფუძვლიან გამოძიებას" მას შემდეგ მოითხოვს, რაც ელჩის ტვიტერის ანგარიშით პორნოგრაფიული ვიდეომასალის მოწონების ფაქტი დაფიქსირდა.

გარდა ამისა, ელჩ ლიუ სიაომინის ანგარიშით მოიწონეს პოსტები, რომლებშიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აკრიტიკებენ და გმობენ უიგური ხალხისადმი სასტიკ მოპყრობას — მოწონებულ პოსტს თანდართული აქვს ვიდეო, სადაც ჩანან დაკავებული უიგურები ახვეული თვალებით.

ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, შეტევა განახორციელა "ჩინეთის მიმართ მტრულად განწყობილმა ჯგუფმა, რომელიც უსირცხვილოდ დაესხა თავს ბატონი ლიუს ანგარიშს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად".

თავდაპირველად სოციალური ქსელის მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო ელჩის მიერ მოწონებულმა პორნოგრაფიულმა 10-წამიანმა რგოლმა, რომელიც ჩინურ ენაზე აღწერის მქონე გვერდზე იყო გამოქვეყნებული.

ადამიანის უფლებადამცველმა აქტივისტმა მოწონების ფაქტი გრინვიჩის დროით 9:00-ზე შეამჩნია და მაშინვე მტკიცებულების სახით სქრინშოთი გადაიღო. მოგვიანებით ელჩის ანგარიშიდან პორნოგრაფიული მასალის მოწონება გაქრა.

შემთხვევის გამოვლენიდან შედარებით მოგვიანებით გაქრა ასევე მოწონება იმ პოსტებიდან, რომლებშიც მომხმარებლები ამხელენ ჩინეთის რეჟიმს და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები ქვეყანაში განხორციელებულ მკვლელობებზე პასუხისმგებლობისგან "ჩაურევლობის პრინციპზე" აპელირებით იძვრენენ თავს.

სხვა პოსტში, რომელიც ელჩის ანგარიშმა მოიწონა, ასახული იყო ვიდეომასალა, სადაც ჩანდა უიგური ხალხისთვის განკუთვნილი საკონცენტრაციო ბანაკი. შეგახსენებთ, რომ პეკინმა, არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ოფიციალურად უარყო სინძიანში უიგურებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის ფაქტი. ხოლო BBC-სთან ინტერვიუში იმავე ელჩმა ეთერში ნაჩვენები საკონცენტრაციო ბანაკების კადრების სინამდვილე უარყო და აღნიშნა, რომ ჩინეთი უიგური ქალების სტერილიზაციის პროგრამას არ ახორციელებს.

ტვიტერი ჩინეთის ტერიტორიაზე დაბლოკილია, თუმცა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბოლო დროს პლატფორმის აქტიური გამოყენება დაიწყეს — სიაომინის ანგარიში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა.

ისიც ხაზგასასმელია, რომ ტვიტერზე მოწონების ღილაკს ხშირად პოსტის დამახსოვრებისთვის იყენებენ და არა იმისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება პოსტის შინაარსის მიმართ.

BBC-ის ცნობით, სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ელჩმა პორნოგრაფიული მასალა შეცდომით მოიწონა და შემდეგ მოიწონა პოსტები, რომლებსაც უნდა გადაეფარათ მისი შეცდომა. ამ ვერსიას ჩინეთის ოფიციალური პირები არ ეთანხმებიან.

"საელჩომ ამ ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ტვიტერს და მოითხოვს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, —"საელჩო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ დაიჯერებს მსგავს ჭორებს და არ შეუწყობს ხელს მათ გავრცელებას".

ამჟამად ელჩის პროფილზე მხოლოდ ორი მოწონება ჩანს, რომლებიც მის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ ტვიტებს უკავშირდება.

ამ ამბის საპასუხოდ, ელჩის ტვიტერზე ასევე გამოქვეყნდა გამონათქვამი, რომელიც ასე ითარგმნება: "კარგ გრდემლს ჩაქუჩის არ ეშინია".