პოლიტიკური პარტია გირჩის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება აქვთ დაგეგმილი. მათივე განცხადებით, ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა, მათ მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა.

"გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას", — აცხადებენ პარტიაში.

როგორც გირჩში განმარტავენ, აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში მათ მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები ეხმარებიან, რომელთაც ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება აქვთ.

კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 7 სექტემბერს ქვეყანაში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრებაზე ისაუბრა. არსებული ეპიდემიოლიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისობის ღონისძიებებიც გაუქმდა.