სამეცნიერო ფანტასტიკის ერთგულო ქომაგებო და ზოგადად კინოს გულმხურვალე მოყვარულებო, ღრმად ჩაისუნთქეთ, დიუნის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა.

დენი ვილნევის ახალი ფილმი დიუნი 2020 წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე კინოსურათია, რომლის ხილვასაც როგორც ჟანრული ლიტერატურის, ისე კინოს მოყვარულები მოუთმენლად ელიან.

რამდენიმე წუთის წინ ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება:

სამწუთიანი ტრეილერი ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი, მასშტაბური და დაძაბული ატმოსფეროთი სავსე კადრებისგან შედგება. ვიზუალური მშვენიერებით ტკბობა კულმინაციას კი ბოლო წამებში აღწევს, როცა ლეგენდარული ქვიშის მატლები ჩნდებიან.

ფოტო: Warner Bros.

მსგავსი მასშტაბური და თვალისმომჭრელი სანახაობა არ იქნებოდა უცხო იმ მაყურებლებისთვის, რომელთაც უკვე უნახავთ დენი ვილნევის ისეთი ფილმები, როგორებიცაა Arrival და Blade Runner 2049. ორივე ფილმმა ოსკარების ნომინაცია დაიმსახურა.

დიუნი ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების მქონე სამეცნიერი ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის ეკრანიზაცია იქნება. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს დევიდ ლინჩმა ამ წიგნის მიხედვით გადაიღო თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, დენის ვილნევი კი 36 წლის შემდეგ თანამედროვე ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს.

ფილმში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. მასთან ერთად ვიხილავთ ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან ზენდეია, ხავიერ ბარდემი, ჯეისონ მომოა და ოსკარ აიზეკი.

დიუნის პრემიერა 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.