დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, თუ ქართული ოცნების პარტიული სიის პირველ ოცეულში იქნებიან "კობახიძის დასაყრდენები", ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ხელი აქვს ჩაქნეული ქართულ ოცნებაზე. ამის შესახებ ბესელიამ TV პირველთან საუბრის დროს განაცხადა.

ბესელიას თქმით, ამ ჯგუფში იგულისხმება მამუკა მდინარეძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, როლებმაც "შიგნიდან დაარღვიეს პარტია". თუმცა, ეკა ბესელიას არ ჰგონია, რომ ისინი იქნებიან პირველ ოცეულში. მისივე თქმით, თუ ოცეულში თეა წულუკიანის, ირაკლი ღარიბაშვილის, არჩილ თალაკვაძისა და გიორგი გახარიას გარდა, ახალი სახეებიც იქნებიან, ასე ქართული ოცნება შეეცდება საკუთარი ამომრჩეველი შეინარჩუნოს.

"თუ პირველ ოცეულში იქნებიან "კობახიძის დასაყრდენები", ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ხელი აქვს ჩაქნეული ქართულ ოცნებაზე. დამერწმუნეთ, ვიცი ივანიშვილის დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და ის არ აღიქვამს მათ იმ ტიპის პერსონებად, რომ საკუთარ სახედ გაიხადოს. მისთვის არასდროს არ ყოფილა კილაძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი სახე", — განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. დღეს, 9 სექტემბერს, TV პირველის ინფორმაციით, ცნობილი გახდა ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ოთხეული, რომელშიც გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი იქნებიან.