განათლების მიღება კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. თავდაპირველად, ადამიანებმა კლდეზე ფიგურები ამოკაწრეს, შემდეგ, კონკრეტული პერიოდისა და გარემოებების შესაბამისად, ცოდნის გავრცელების სხვა გზები გამონახეს.

ცნობისმოყვარეობა და ცოდნის შეძენის სურვილი ხომ ადამიანური ბუნების ნაწილია. ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, ჩვენთან ყოველთვის მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც განათლების სფეროში არსებულ ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად უმკლავდებოდნენ და მისი უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ახალ-ახალ გზებს პოულობდნენ. სწორედ მათი დამსახურებით, განათლება ყოველთვის უწყვეტად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. დასაბამიდან დღემდე — დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას, რომ გავაგრძელოთ სწავლა და სწავლება.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა საგანმანათლებლო სფერო ბოლო პერიოდში და გაგაცნობთ მასწავლებლებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენს დროში უწყვეტი განათლების მცველებად იქცნენ.

განათლება ციფრულ სივრცეში

ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში ჭკვიანი მოწყობილობები თუ აპლიკაციები ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის სწავლის პროცესშიც დაინერგა. შედეგად განათლება მეტად ხელმისაწვდომი გახდა. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ტექნოლოგიური ელემენტები ჩვენს ქვეყანაში სწავლების სისტემაში თანდათან და ბუნებრივად ინერგებოდა (მაგალითად, ბავშვები ერთმანეთს აპლიკაციების გამოყენებით უყრიდნენ დავალების ფოტოებს, მასწავლებლებს კლასის Facebook ჯგუფები ჰქონდათ და ა.შ), სანამ პანდემიამ ყველა მასწავლებელი და მოსწავლე არ აიძულა, სწრაფად გადაწყობილიყვნენ ახალ ტალღაზე. მიუხედავად ერთეული ინიციატივებისა, საქართველოში საგანმანათლებლო სისტემას შეზღუდულ დროში, მყისიერად მოუწია სასწავლო ინფრასტრუქტურის ისე დახვეწა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბი დაეფარა და არ შეეწყვიტა უწყვეტობის უმნიშვნელოვანესი იდეა.

დასაწყისში მასწავლებლებს ამ პროცესის წარმართვა წარმოუდგენელ სირთულედ ესახებოდათ, თუმცა ონლაინ რეჟიმზე გადასვლიდან მცირე ხანში მათი უკუკავშირი ბევრად პოზიტიური გახდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ონლაინ სწავლების კომპონენტებს სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოიყენებდნენ.

ნიკა ბრეგვაძე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი

ნიკა ბრეგვაძე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომელია. მისი პროფილი დისტანციური კლასების შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერაა. მისი თქმით, სამმა ადამიანმა ორ კვირაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ონლაინ სკოლაში თავმოყრა შეძლო, რაც დიდი სირთულე იყო. მათ მცირე დროში ყველა შესაძლო ხარვეზი უნდა გამოერიცხათ. ეს გამოცდილება კი იქამდე არ არსებობდა. წარმოიდგინეთ კითხვების ის რაოდენობა, რომლებისთვისაც პასუხი ნიკასა და მის კოლეგებს უნდა გაეცათ.

"ჩემი როლი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის კლასების შექმნა იყო, რათა სასწავლო პროცესისთვის მზად ყოფილიყვნენ. ამ საქმეს მე და კიდევ ორი ადამიანი ვაკეთებდით და მთავარი სირთულე მცირე დრო იყო — ონლაინ კლასებში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ჩაგვერთო. ორ კვირაში სწავლის პროცესში 600 ათასზე მეტი ადამიანის ჩართვა შევძელით, რაც დიდი სირთულეა, თუმცა მუდმივმა სამუშაო პროცესმა ეს შესაძლებელი გახადა", — გვიყვება ნიკა ბრეგვაძე.

მისი თქმით, ონლაინ სწავლების დასაწყისიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ახალ პროცესს ალღო აუღეს — "თავდაპირველად მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით ამ უნარების განვითარება. დასაწყისში მათ (მასწავლებლებს) ამ პროცესის წარმართვა წარმოუდგენელ სირთულედ ესახებოდათ, თუმცა ონლაინ რეჟიმზე გადასვლიდან მცირე ხანში მათი უკუკავშირი ბევრად პოზიტიური გახდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ონლაინ სწავლების კომპონენტებს სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოიყენებდნენ, რაც სასიხარულოა. ჩვენ მათ ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების, მესიჯების საშუალებით ვუწევდით დახმარებას. ამგვარად, მუდმივი თანამშრომლობით ბარიერებიც გადავლახეთ", — ამბობს ნიკა.

როგორ მიმდინარეობდა გაკვეთილები ვირტუალურად?

ნათია ფურცელაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამოცდილების მიუხედავად, სიახლესთან ადაპტირების სტრესული გზა გაიარა და კოლეგებთან ერთად ნელ-ნელა ყველა საჭირო პლატფორმის ათვისება შეძლო.

"ბარიერი გამოცდილების არქონა იყო. არასდროს მიმუშავია ზუმში, შესაბამისად, როგორც კი გავიგეთ, რომ ონლაინ გავაგრძელებდით სწავლას, მასწავლებლები დისტანციურად შევიკრიბეთ და ერთმანეთს პლატფორმების გამოყენება ვასწავლეთ, გამოცდილება გავუზიარეთ. სწავლების ინსტრუმენტების ცვლილებებთან ერთად, კამერებთან ურთიერთობა დავიწყეთ და ეს რთული იყო. ნებისმიერ სიახლესთან შეგუება სტრესულია, მარტივი პროცესი არ ყოფილა. მე თვითონაც გავოცდი, თურმე რა ძალები იმალებოდა ჩვენში და როგორ სწრაფად შეგვეძლო ადაპტირება", — აღნიშნავს ნათია ფურცელაძე.

სოფო ბაჩილავას, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თქმით, ონლაინ სწავლების პროცესზე მარტივად გადასვლას ახალი თაობის ტექნოლოგიებთან სიახლოვემ შეუწყო ხელი, ცოდნის გაზიარების ორმხრივმა გამოცდილებამ კი თანასწორი პირობები შექმნა.

ბავშვების ტექნოლოგიებთან სიახლოვე მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო. ისინი გარკვეულწილად ტექნოლოგიების ექსპერტები არიან და სხვადასხვა ფუნქციის უკეთ ათვისებაში გვეხმარებოდნენ. ამ კუთხით, საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა იპოვეს და დაინახეს, რომ ახლა თვითონაც შეუძლიათ იყვნენ ჩვენი მასწავლებლები

სოფო ბაჩილავა

"ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი დისტანციური გაკვეთილის ჩატარების გამოცდილების არქონა იყო, შეიძლება გარკვეულ დეტალებს ვიყენებდით, თუმცა ასეთი ინტენსიური ფორმით — არა. მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა თავიდან რთული ამოცანა იყო, თუმცა ბავშვების ტექნოლოგიებთან სიახლოვემ ბევრად საინტერესოდ იმუშავა. ისინი გარკვეულწილად ტექნოლოგიების ექსპერტები არიან და სხვადასხვა ფუნქციის უკეთ ათვისებაში გვეხმარებოდნენ. ამ კუთხით, საკუთარი თავის რეალიზება ჰპოვეს და დაინახეს, რომ აქვთ გარკვეული ცოდნა, რომელიც შეუძლიათ თვითონ გაუზიარონ მასწავლებლებს", — გვეუბნება სოფო და დასძენს, რომ ციფრულ სივრცეში სწრაფად გადაწყობის ფონზე, ონლაინ სწავლების პროცესს თავი კარგად გაართვეს.

"დისტანციური სწავლების საჭიროების შემთხვევაში ბევრად მომზადებული შევხვდებით პროცესს, რადგან გამოცდილება უკვე გვაქვს. დასაწყისში ბავშვების ჯგუფებად დაყოფის ცოდნა არ გვქონდა, შემდეგ ესეც ვისწავლეთ და უფრო მეტად დაემსგავსა პროცესი საკლასო სამუშაოს. სწავლების პარალელურად, მე თვითონ ხშირად მიწევდა ტრენინგებზე დასწრება და ეს ორმხრივი გამოცდილება ძალიან დამეხმარა. ვცდილობდი, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გაკვეთილებში "ჩამეშენებინა", — აღნიშნავს სოფო.

სწავლება პანდემიამდე და მის შემდეგ

პანდემიის გავრცელებამდე საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის ორივე მასწავლებელი იყენებდა ტექნოლოგიებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დისტანციური კლასების უკეთ წარმართვის საქმეში, თუმცა პანდემიის შემდეგ სწავლების პროცესში სხვა დამხმარე საშუალებები ბევრად ინტენსიურად ჩართეს.

"რამდენიმე აპლიკაცია ისედაც შემქონდა კლასში, მაგრამ ამ პროცესში ბევრი ახალი შესაძლებლობა აღმოვაჩინე, რითაც შევძლებ, გაკვეთილი უფრო საინტერესო გავხადო. მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ერთად დავამუშავეთ რამდენიმე აპლიკაციის ინსტრუქცია, რათა მათი გამოყენების გზები განგვესაზღვრა სწავლების პროცესში. მოსწავლეების ინტერესი ძალიან ფართოა, მე მქონია გაკვეთილები, რომლის დროსაც გამომიყენებია რეპი, ფილმები ან სპორტსმენების ისტორიები. ეს იყო ზეპირი მონათხრობი, კინოჩვენება და ამ ყველაფერს მომავალში უფრო დიდი დოზით, ბევრად ინტერაქტიული ფორმით გამოვიყენებთ. ვფიქრობ, არაერთი აქტივობა, თამაში, რესურსი შეიქმნება ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც სწავლების პროცესს უფრო ხარისხიანს გახდის", — აღნიშნავს სოფო ბაჩილავა.

ნათია ფურცელაძეც ამბობს, რომ ელექტრონული სწავლების ელემენტებს იქამდეც იყენებდა და ამან ონლაინ მუშაობის პროცესი გაამარტივა.

მშობლების ჩართულობა გაიზარდა და მათ უკეთ დაინახეს მასწავლებლების შრომა. ეს ყოველივე თანამშრომლობის კულტურას ძალიან წაადგა.

ნათია ფურცელაძე

"ჩვენი საგაკვეთილო ურთიერთობა, პატივისცემა, ონლაინ სივრცეში ჩართულობის შენარჩუნებისთვის განმსაზღვრელი ბიძგი იყო. კარანტინის დაწყებიდან მალევე გადავედით ონლაინ პროცესზე და წყვეტის არქონაც რიტმის შენარჩუნებაში დაგვეხმარა. მე ხშირად ვატარებ გამოკითხვას და მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებს ვარგებ დავალებებს. სწავლის პროცესი რუტინული არ უნდა ყოფილიყო და ინტერესი უნდა შემენარჩუნებინა. ვფიქრობ, 100%-ით თუ ვერა, ეს მისია მაინც კარგად შევასრულე. წლის ბოლოს მოსწავლეებს უკუკავშირის მოწოდება ვთხოვე. შეფასებებში კი იმ მარცვლებს ვპოულობდი, რომლებიც სემესტრის წარმატებულობაში მარწმუნებდა", — გვიყვება ნათია.

მისი თქმით, მოსწავლეებს რამდენიმე ფილმის ყურება და განხილვის დაწერა, ასევე, პოდკასტების მომზადება თხოვა. "ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, თუ როგორი რთული იყო ამ ამოცანების შესრულება დასაწყისში და როგორ გამარტივდა მათთვის ეს საქმე ბოლოს. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი — მათ უვითარდებოდათ მეტყველების უნარი, თანაც ეს დავალებები დისტანციური სწავლების მეთოდებზე იყო მორგებული", — აღნიშნავს ნათია ფურცელაძე.

მასწავლებლების აზრით, ონლაინ სწავლების კიდევ ერთი სარგებელი მშობლების ჩართულობის ზრდა, ურთიერთთანამშრომლობის კულტურის განვითარება და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან სწრაფი ადაპტაციაა.

"ამ თვეებმა ტექნოლოგიებთან მეგობრობის საჭიროება შექმნა. ასე ვთქვათ, შემოგვესწავლა აუცილებელი ტექნიკები, რაც ძალიან კარგია; უფრო დავაფასეთ პროცესი, რომელიც საგაკვეთილო სწავლებას გულისხმობს, ბევრი რამ გადავაფასეთ; მშობლების ჩართულობა გაიზარდა და მათ უკეთ დაინახეს მასწავლებლების შრომა. ეს ყოველივე თანამშრომლობის კულტურას ძალიან წაადგა", — ამბობს ნათია ფურცელაძე.

როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი...

ახალი სასწავლო წელი სკოლის კედლებში, აუცილებელი რეგულაციების გათვალისწინებით დაიწყება, თუმცა დისტანციური სწავლების საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო სისტემა უკეთ იქნება მომზადებული და ბევრად უმტკივნეულოდ შეძლებს ციფრული კლასების ხელახლა გახსნას.

ნიკა ბრეგვაძის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში არსებული გამოცდილება ციფრულ რეჟიმზე გადასვლას გაამარტივებს:

"ვცდილობთ, სწავლების მეთოდები ქართულ ენას მოვარგოთ: იგეგმება სხვადასხვა პროგრამის და პლატფორმის გადმოქართულება; შეიქმნება ჩეტბოტი, რომელიც სწავლების პროცესში ჩართული პირებისთვის მუდმივ რეჟიმში შეძლებს კონსულტაციის გაწევას; იგეგმება პირისპირ სწავლების ელექტრონულ რესურსებთან მეტი ადაპტირება; ვაპირებთ სწავლების პროცესში სხვადასხვა თამაშის, მაგალითად, მაინკრაფტის დანერგვას, რომელიც სასწავლო მასალების დიდ რესურსს წარმოადგენს. ის, ასევე თამაშით სხვადასხვა უნარის განვითარების კარგი მეთოდია; რაც მთავარია, დისტანცირების პირობებში სწავლების მეთოდები ძალიან სწრაფად გათანამედროვდა. ეს ყველაფერი კი ჩვენი დროის მოთხოვნებს მოერგო", — ამბობს ნიკა.

მოსწავლის თუ ზრდასრულის როლში, მუდმივად უნდა ვცდილობდეთ უნარების დახვეწას, განვითარებას. განათლების უწყვეტობა დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს.

სოფო ბაჩილავა

მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება ახარებთ და მონატრების შეგრძნებაც აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სწავლების პროცესი ბევრად განსხვავებული იქნება, ბევრი საინტერესო მეთოდი დიდი ინტენსივობით დაინერგება, რაც ონლაინ სწავლების დადებითი მხარეა. ისინი დისტანციური კლასების აუცილებლობის შემთხვევაშიც სრულ მზადყოფნაში არიან.

"ვფიქრობ, გაკვეთილები მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო საინტერესო გახდება. თითოეული მასწავლებელი ვცდილობთ, გაკვეთილები მოვარგოთ ბავშვის ინტერესებს, იმ თემებს, რომლებიც ამ მომენტისთვის მათთვის აქტუალურია. პანდემიამდე მასწავლებლების ნაწილი, მათ შორის მეც, ამ პროცესში ახალი ტექნოლოგიების ჩართვას ვცდილობდით, იქნებოდა ეს პრეზენტაციები, თამაშები თუ სხვა, მაგრამ ეს არ იყო ინტენსიური. ბოლო თვეებში მასწავლებლებს მოგვიწია შეგვექმნა, მოგვეძიებინა, გამოგვეყენებინა რესურსები, რომლებიც ონლაინ სწავლების რეჟიმში გამოსადეგი იქნებოდა. მაგალითად, უნდა აგვეთვისებინა ის აპლიკაციები, რომლებიც დისტანციური კლასის წარმართვისთვის აუცილებელია. ონლაინ სწავლების დასრულების შემდეგ ეს მეთოდები კლასში გადაინაცვლებს", — გვეუბნება სოფო ბაჩილავა.

განათლების უწყვეტობას, ცოდნის გაზიარების შეუფერხებელ პროცესს, პანდემიის სახით წინაღობა დახვდა, რომელიც განათლების სისტემაში ჩართული ყველა რგოლის დაუღალავი შრომით გადაილახა. მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები მუდმივად ცდილობდნენ განათლების უწყვეტობის შესანარჩუნებლად ახალი შესაძლებლობები გაეჩინათ.

ნათია ფურცელაძის თქმით, ის თავადაა იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად სწავლისა და სწავლების პროცესში ყოფნას გულისხმობს. "ჩვენ ვასწავლით და ყოველდღიურად ვსწავლობთ. ეს ცხოვრებისეული გაკვეთილებია, მუდმივი პროცესი, რისი გაცნობიერებაც კიდევ უფრო მეტის შემეცნებაში გვეხმარება", — ამბობს ის.

სოფო ბაჩილავა კი აღნიშნავს, რომ განათლება ცხოვრების ფუნდამენტია, ყოველი ახალი დღე — რაღაცის სწავლის შესაძლებლობა. "მოსწავლის თუ ზრდასრულის როლში, მუდმივად უნდა ვცდილობდეთ უნარების დახვეწას, განვითარებას. განათლების უწყვეტობა დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს".

ადამიანები ცოდნის მიღებისა თუ გავრცელების ფორმატს გამოწვევების შესაბამისად მუდმივად ცვლიდნენ და განათლების უწყვეტობას უზრუნველყოფდნენ. ასე მოხდა პანდემიის დროს — დისტანციური სწავლების პროცესზე გადასვლისასაც.

გაეცანით გვერდს — მკითხე მოამბე, რომელიც Leavingstone-ის და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია და საქართველოში განათლების უწყვეტ ტრადიციაზე აკეთებს აქცენტს.