სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის შემდეგ რეჟისორი უეს ანდერსონი ახალ ანიმაციურ ფილმზე, ძაღლების კუნძულზე მუშაობს.

რეჟისორმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მომავალი ნამუშევარი ოფიციალურად წარადგინა.

"ძაღლების კუნძულს ინგლისში გადავიღებთ, მუშაობა უკვე დაწყებულია", - აცხადებს რეჟისორი.

უეს ანდერსონმა დაწვრილებით ისაუბრა იმაზეც, რომ ანიმაციურ ფილმში პატარა წვლილის შეტანა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებსაც შეუძლიათ. თუ გსურთ, რომ რომელიმე გმირს (სავარაუდოდ, ძაღლს) თქვენი ხმა ჰქონდეს, თანხა კინომემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის შექმნილ საქველმოქმედო ფონდში უნდა გადარიცხოთ.

ანიმაციურ ფილმს გაახმოვანებენ: იოკო ონო, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სვინტონი და ედუარდ ნორტონი (მას ვიდეოშიც იხილავთ).

რეჟისორს უკვე აქვს ანიმაციურ ფილმზე მუშაობის გამოცდილება. 2009 წელს გამოვიდა ფანტასტიკური მისტერ ფოქსი, რომელზეც მერილ სტრიპი, ჯორჯ კლუნი, ოუენ უილსონი, ბილ მიურეი და უილიამ დეფო მუშაობდნენ.

ძაღლების კუნძული 2018 წელს იხილავს დღის სინათლეს.