მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება, თუმცა ეს არ შეეხება საარჩევნო აგიტაციას.

"რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ეს ეხება ღია სივრცეს, ვინაიდან დახურულ სივრცეში აქამდეც არსებობდა", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ეხება საარჩევნო აგიტაციას. მეზვრიშვილმა არჩევნებში მონაწილე პარტიებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დაიცვან დისტანცია, პირბადეების მოთხოვნის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტიურად მოხდება აღსრულების პროცესი. ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს", — თქვა მეზვრიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.