ორი თვის წინ სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის მშობლები საქმეში ინტერპოლის ჩართულობასა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ. მათ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"არავითარი ვიდეო და სატელეფონი ჩანაწერი არ მოიძებნა, რომელიც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი, შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ საზღვარი არ კონტროლდება. შესაძლოა, სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა", — დაკარგული ბიჭის მამა.

როგორც სვანეთში დაკარგული ბიჭის დედა ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მივიდნენ, რომ გაეგოთ, არის თუ არა დაწყებული საერთაშორისო ძებნა ბავშვზე.

"ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. შესაძლოა, თუ არა რომ ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ", — განაცხადეს ფილფანის მშობლებმა.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.