სულ ცოტა ხნის წინ ახალი დისტოპიური სერიალი Raised by Wolves გამოვიდა, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისგან უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასებები, რომლის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს — რიდლი სკოტს ამ ჟანრის ქომაგები უკვე დიდი ხანია კარგად იცნობენ ფილმით Alien, რომლის ფრენჩაიზის მომავალზეც იმედისმომცემი ინფორმაცია გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ Forbes-თან ინტერვიუში ინგლისელმა რეჟისორმა რიდლი სკოტმა აღნიშნა, რომ ის უკვე აქტიურად ფიქრობს ამ ფრენჩაიზის ახალ ფილმზე:

"უკვე მასზე ვმუშაობთ. Prometheus-ისა და Covenant-ის გადაღებისას უკვე არსებული ისტორია გამოვიყენეთ და საეჭვოა, რომ ისევ იმავე ამბავს დავუბრუნდეთ".

პრომეთე რიდლი სკოტის პირველი ფილმი იყო, რომლითაც 30-ზე მეტი წლის შემდეგ უცხოს სამყაროს დაუბრუნდა: პირველი საკულტო ფილმი 1979 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს სიგურნი უივერი ასრულებს.

ფოტო: 20th Century Fox

პრომეთეს შემდეგ, 2017 წელს რიდლი სკოტმა კიდევ ერთი ფილმი Alien: Covenant გამოუშვა. ეს ორივე ფილმი უცხოს ფრენჩაიზის პრიქველებია და როგორც ჩანს, რეჟისორი ამჯერად ამ სამყაროში განვითარებული სულ სხვა მოვლენების შესახებ აპირებს მომავალი კინოსურათის გადაღებას.

1979 წლის უცხოს შემდეგ ამ ფილმის კიდევ სამი ნაწილი გამოვიდა 1986, 1992 და 1997 წლებში, რომლებიც ასევე ცნობილმა რეჟისორებმა ჯეიმს კამერონმა, დევიდ ფინჩერმა და ჟან-პიერ ჟენემ გადაიღეს.

რამდენიმე თვის წინ რიდლი სკოტმა ასევე ისაუბრა, რომ მას კიდევ ბევრი რამ აქვს მოსაყოლი ერთგული მაყურებლებისთვის:

"ვფიქრობ, რომ უცხოს კიდევ ბევრი რესურსი აქვს. როცა პირველ ფილმზე ვმუშაობდი, სულ ვფიქრობდი, რატომ უნდა არსებობდეს მსგავსი ქმნილება? სწორედ ეს არის კითხვები — ვინ, რატომ და რა მიზნით, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს".

აღსანიშნავია, რომ რიდლი სკოტი ასევე მუშაობს ფილმზე The Last Duel, რომლის პრემიერაც 2021 წელსაა დაგეგმილი და მასში მთავარ როლებს ბენ აფლეკი, ჯოდი კომერი, მეთ ბომერი და ადამ დრაივერი შეასრულებენ.