დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში დამატებით 520-550 000 PCR ტესტს მიიღებენ. მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით ქვეყანაში 160 000 PCR ტესტის სრული ნაკრებია.

"ამავე დროს ქსელში არის 20 000. ჩვენი დღიური ხარჯი სექტემბერში არის, დაახლოებით, 7 000-მდე. 6 800 გვაქვს ყოველდღიური ხარჯი. ანუ, ქვეყანაში ამ დროისათვის 180 000-მდე ტესტი არის. 11 სექტემბერს იგზავნება ჩინური წარმოების საკმაოდ კარგი 400 000 ნაკრები, რომელიც გამოცდილი აქვს. სექტემბერში ჩვენ დამატებით მივიღებთ კიდევ 520-550 000 PCR ნაკრებს", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია არის, თუმცა ქვეყანა, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება. მან აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადი და სრულად მართვადია.

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები StopCov-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 34 დადასტურებული შემთხვევის განაწილება შემდეგნაირია — 6 შემთხვევა საკონდიტრო დონას კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 1 დადასტურებული შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 2 კი შემოტანილი შემთხვევაა. დარჩენილ 2 პაციენტზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 684-მდე გაიზარდა, ამათგან 1 315 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 299.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: