იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას აზიანებს, თუმცა ოპოზიცია მას "მაინც ებღაუჭება". მისივე თქმით, სააკაშვილთან ყოფნით ოპოზიცია არჩევნებზე შანსებს ინულებს.

"აქ დარჩენილი ნაციონალური მოძრაობისა და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, რადგან თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან. ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მომავალზე. ის აზიანებს ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც ებღაუჭება და კიდევ უფრო ანულებს საკუთარ შანსებს", — განაცხადა წულუკიანმა.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ მისი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ხვალ გააკეთებს.

მან ბოლო ვიდეომიმართვა 27 აგვისტოს ფეისბუქზე გაავრცელა, სადაც ის ქართველებს ჩამოსვლას ჰპირდება და ბოდიშს უხდის. ვიდეომიმართვა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააზიარა წარწერით "Miha hamodiii". ქართული ოცნების ირონიულ პოსტს ევროპული საქართველო გამოეხმაურა და დაწერა: "თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა." გამოწვევას მალევე გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც შეუერთდა წარწერით — "shesha ar ari".