ადგილობრივი მედია TUT.BY ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გუშინ 6 სექტემბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს ასეულობით მომიტინგე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, კვირას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია 42 ადგილას გაიმართა, რომელშიც 31 000 ადამიანი მონაწილეობდა. მილიციაში განაცხადეს, რომ აქციაზე 633 ადამიანი საზოგადოებრივ მანიფესტაციებში კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, მათგან 363 მომიტინგე დაკავების ადგილიდან პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, გუშინ დედაქალაქ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მომიტინგეები ისევ შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. TUT.BY-ს ცნობით, მინსკის თავისუფლების მოედანზე 100 000-მდე აქციის მონაწილე მივიდა. გროდნოში ძალოვნებმა შეტაკებების დროს ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციების ტალღა დღემდე არ წყდება. 23 აგვისტოს მინსკში კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მაშინაც ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ლუკაშენკოს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

რა ხდება ბელარუსში

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, თუმცა ის მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.

ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.

ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთავაზა აქციების დასაშლელად.